პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე პროცესებსა და ქუჩის პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როგორი ნაცნობი სურათია ყოველივე ეს ჩვენთვის, თავისი “საზაფხულო ბანაკებით”, ტრენინგებით თუ სემინარებით, სადაც ზონდერებს და დივერსანტებს ამზადებდნენ“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დიფ სთეითი აშშ-ში ფერადი რევოლუციის სცენარით მოქმედებს და ახორციელებს იმას, რა გეგმაც, მათ შორის, საქართველოში ჰქონდა.
„ძნელია გააუქმო “ბუმერანგის პრინციპი”, ან ქართული ანდაზა: “რაც მოგივა დავითაო – ყველა შენი თავითაო”. აშშ-ის უდიდეს ქალაქებში ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არ არის სპონტანური ქუჩის არეულობა, არამედ დაგეგმილი ოპერაციაა, რომელსაც კოორდინაციას უწევენ დემოკრატიულ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ძალები. სინქრონული აფეთქებები ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში, სადაც დემოკრატი გუბერნატორები მართავენ, სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმები, გზების ბლოკადა და ურბანული ინფრასტრუქტურის განადგურება ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კარგად დახვეწილ სცენარზე მიუთითებს.
სწორედ დემოკრატიული პარტიისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ პროტესტების მთავარი ფიგურები და ლოს-ანჯელესში „აქტივისტები“ დაიქირავეს. როგორი ნაცნობი სურათია ყოველივე ეს ჩვენთვის, თავისი “საზაფხულო ბანაკებით”, ტრენინგებით თუ სემინარებით, სადაც ზონდერებს და დივერსანტებს ამზადებდნენ. გლობალისტები და “დიფ სთეიტი” დღეს უკვე აშშ-ში ყველაფერს იმავე „ფერადი რევოლუციების“ შაბლონების მიხედვით აკეთებენ, რაც მათ შორის, საქართველოსთვის ჰქონდათ მომზადებული. იმავე ტაქტიკით, ამერიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლების ზომები დისკრედიტირებულია, ხოლო აგრესიული ბრბოს ქმედებები „მშვიდობიან პროტესტად“ არის გამოცხადებული.
ამაში განსაკუთრებულ როლს კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ასრულებს, რომელიც ღია საბოტირებას უწევს ფედერალური ძალების ქმედებებს და ფაქტობრივად მფარველობს რადიკალურ საპროტესტო ჯგუფებს. მისი მცდელობა, დაბლოკოს ეროვნული გვარდიის ლოს-ანჯელესში განლაგება და განცხადებები თეთრი სახლის მხრიდან მკაცრი ზომების „დაუშვებლობის“ შესახებ, აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოება, არამედ პრეზიდენტის წინააღმდეგ ღია აჯანყება. ტრამპი სრულიად სამართლიანად მოიხსენიებს ნიუსომს აჯანყების ინსპირატორად და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოუწოდებს ეროვნული გვარდიისადმი ხელის შემშლელი პირების დაუყოვნებლივ დაპატიმრებისკენ.
დემოკრატიული პარტია, რომელმაც არჩევნების შემდეგ დაკარგა გავლენის ინსტიტუციური რესურსი, ფსონს დებს კონტროლირებად ქაოსსა და სახელმწიფო აპარატის დემორალიზაციაზე მედიისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალაუფლების ვერტიკალის ფრაგმენტაციის გზით. ამ კონფიგურაციაში გევინ ნიუსომის ფიგურა ხდება მთავარი: პირველ პლანზე გადადის სწორედ მისი აგრესიული დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასთან და საჯარო კონფლიქტი თეთრ სახლთან.
კალიფორნიის გუბერნატორი ჩვენ თვალწინ იბადება, როგორც პოტენციური ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს დემოკრატების გაცვეთილი სიმბოლოები და გააძლიეროს ელექტორატი „ავტორიტარიზმთან ბრძოლის“ რიტორიკით. მისი სწრაფად მზარდი მედიაკაპიტალი შემთხვევითი არ არის, არამედ ტრამპისა და მისი გუნდისთვის მოწინააღმდეგის მომზადების ფართო სტრატეგიის ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, სწორედ სიმბოლური ლიდერის ფიგურა აკლდათ დემოკრატებს გასული წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. როგორც ჩანს კონტროლირებადი პოლიტიკური ბალანსის დამყარების მიზნით, დემოკრატების რიგებში “დიფ სთეიტმა” თავისი ფსონი უკვე გააკეთა,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.