11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
11 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

შალვა პაპუაშვილი – მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა, სკოლას ამთავრებს ისე, რომ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, საქმე კი არ გაკეთებულა – განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს

შალვა პაპუაშვილი – მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა, სკოლას ამთავრებს ისე, რომ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, საქმე კი არ გაკეთებულა – განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს
ამ განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია – საქართველომ ყველაფერი გააკეთა და აჩვენა, თუმცა მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა ისე, რომ ჩვენ საპასუხოდ ნატო-ს მხრიდან მხოლოდ სიტყვები გვაქვს და არ გვაქვს, არც MAP- თან დაკავშირებული და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისივე თქმით, მათი მხრიდან განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს.

„დღეს ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო (თაობა, რომელიც ფაქტობრივად, სკოლასაც ამთავრებს), როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამასობაში, მთელი თაობა გაიზარდა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი აჩვენა, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ნატო-სთვის ეჩვენებინა. მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ავღანეთის მისიას ემალებოდნენ, საქართველო წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. შეგახსენებთ, რომ რაოდენობრივად, რიცხობრივად მესამე-მეოთხე ქვეყანა ნატო-ს ქვეყნებთან შედარებით ვიყავით (არაფერს ვამბობ იმაზე, რომ [ევროკავშირის] არა წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ვიყავით). ჩვენ 1 000 – 1 500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილები მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით წარმოდგენილი იყო, ისიც შტაბში.

ასე რომ, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ჩვენი სანდო პარტნიორობა, საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის გვეჩვენებინა, ჩვენ ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ სიტყვებს ვხვდებით და ამგვარ განცხადებებს, რომელიც თუ არ ვცდები, გუშინ ნატო-ს ადგილობრივი ოფისის მხრიდან გავრცელდა. განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს და ეს ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რომლის მიმართ ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატო-ს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატო-ს ოფისების მხრიდან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები