„ჩვენი ისტორია 11 მაისამდე ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა“ ერქვა, მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე და შემქმნელი, 11 მაისს გავაკეთეთ ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია, უამრავი სტუმარი გვყავდა მოწვეული და როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის და მიზნების შესახებ, ჩვენზე დაიწყო დევნა-მუქარა. პრეზენტაციის შემდეგ პრაქტიკულად ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და მიდიოდა სერიოზული მუქარა“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა, ნიკოლოზ გოგუაძემ ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ნიკოლოზ გოგუაძემ აღნიშნა, რომ მუქარები „სოდ-ის უწყებიდან მოდიოდა“.
„მაშინ ნინო ბურჯანაძე ქუჩაში აწყობდა მიტინგებს და ამ პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი და იმდენად ძლიერი მუქარები იყო, თან ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები, მაგ პერიოდისთვის ჩვენს გარშემო ვინც იყვნენ, გზადაგზა იჭერდნენ ყველას გაუგებარი ბრალდებებით. ჩვენ 24 მაისს, რამდენიმე ადამიანი, თავიდან სადღაც 6 ადამიანი, გავეცალეთ თბილისს იმიტომ, რომ ისეთი მუქარები იყო, რომ ვხვდებოდით, დაჭერას ვერ ავცდებოდით. მუქარების შინაარსი ის იყო, რომ დაგხოცავთ, დედას გიტირებს. სიტყვა დაჭერა არავის უხსენებია, მაგრამ ჩვენ ვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ. ფიზიკური განადგურებით გვემუქრებოდნენ. [მუქარა მოდიოდა] ძალოვანი სტრუქტურებიდან, სოდ-ის უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და 24 მაისს, რამდენიმე ადამიანი წავედით. მერე მოხდა ისე, რომ მეგობრები ერთმანეთს ურეკავდნენ, რომ აბა სად ხართ, რას შვებით. გაიგეს, რომ ჩვენ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ 23 ადამიანი აღმოვჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან, თავს ვაფარებდით, მეუფე იობის ნახვა გვინდოდა. თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდით იქ.
24 მაისს წავედით და 26 მაისი იყო გამთენია რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია. რამდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ალყა გვქონდა დარტყმული, მოვარდნენ მიკროავტობუსებით, ზოგი ტყიდან ჩამორბოდა, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ავტომატიანმა ხალხმა დაგვარტყა წრე, ზუსტად მონასტრის პირდაპირ. მერე გავარკვიეთ ჩვენ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ადგილზე, მაგრამ ისე იყო სიტუაცია, რომ მაგ დროისთვის თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით იმიტომ, რომ აქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი, სასტიკი დაშლა რომ მოხდა და ხალხის კვლა, და მამაოები იყვნენ ჩვენთან გამოსულები და გვემშვიდობებოდნენ. ბევრი მამაო იყო და ეტყობა იმ მომენტში გასროლა ვერ შეძლეს, ან არ ისროლეს“-განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.