7 ივნისი, შაბათი, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: მასკის განცხადება ახალ პარტიაზე „Middle” ამომრჩევლისთვის ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში ორპარტიულობა დასრულდება და ლიბერალებსაც უკან დაბრუნების შანსი ერთმევათ

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირების მიზეზებს, შესაძლო ვერსიებსა და მოსალოდნელ შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, დაპირისპირება მხარეებს შორის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ დაპირისპირების საგანზე მხარეები თავიდანვე შეთანხმებულნი იყვნენ. დასტურად ექსპერტს ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა მოჰყავს.

„პოლიტიკაში ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მითუმეტეს, თუ ის ახალ სტრატეგიაზეა გათვლილი. დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება შეიძლება რეალობად ჩავთვალოთ და შეიძლება უბრალოდ, პოლიტიკურ თამაშად მივიღოთ.
ის, რომ მასკის დაინტერესება ელექტრო მანქანების გაყიდვების გაზრდა იყო, ეს ყველასათვის ცნობილია, რასაც „ეკოლოგიური საუკუნის” ფარგლებში მხარს უჭერდა თავად ტრამპი. უფრო მეტიც, ის წინასაარჩევნოდ ამის ღია პროპაგანდას ეწეოდა, ყველას გვახსოვს მის საინაუგურაციო სიტყვაში მასკისადმი მიმართვა.

მაშ, რატომ გახდა მათ შორის დაპირისპირების საგანი ის თემა, რაზეც თავიდანვე შეთანხმებულნი იყვნენ? ან, თანამდებობრივად რას ვერ გაართვა ილონ მასკმა თავი? რა თქმა უნდა, ეს ლოგიკური კითხვებია, თუმცა, თუკი აშშ-ში და მთლიანად მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ლოგიკამ სულ სხვა გზით წაგვიყვანოს.

ჩრდილოვანი მმართველობა, ანუ „დიპ სტეიტი” ვერ დამარცხდა, პირიქით, ევროპაში ძალაუფლების ზენიტს აღწევს, ხოლო ამერიკაში კარგად არყევს სახელისუფლებო გუნდს. ბუნებრივია, პოლიტიკური მაფია, რომელსაც მსოფლიოს მბრძანებლობა სურდა, ასე მარტივად სადავეებს არ დათმობს. ტრამპმა უკვე დაუშვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა ტარიფების გაზრდაზე, რაც მალევე უკან წაიღო; მიგრაციის თემაზე, რომელიც დაიწყო და ახლა არ იცის, ვის „სთხოვოს” მისგან გამოყრილი მიგრანტების „დროებით მიღება” და რაც მთავარია, რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელიც განა დაასრულა, პირიქით, მისი პროცესებიდან გამოსვლით, რუსეთს გზა გაუხსნა ევროპისკენ. ეს შესაძლოა მისგან სწორი სვლა იყოს, რადგან მან „დიპ სტეიტი” ევროპაში უნდა დაამარცხოს, რაშიც მხოლოდ რუსეთი თუ დაეხმარება. უკრაინის ომის ევროპაში გადატანას აუცილებლად მოჰყვება ევროკავშირის დაშლა, სადაც ისედაც შიდა რყევებია.

მართალია, ტრამპი ამერიკის პატრიოტია, მაგრამ საკითხავია, მრავალეთნიკური ევროპული რასებით დასახლებულ აშშ-ს რამდენად მოსწონს ამერიკა-ევროპის უპრეცედენტო დაპირისპირება? ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე მის მიმართ კრიტიკული განწყობა ადგილობრივ მოსახლეობაში იზრდება.

სად არის გამოსავალი? როგორც ილონ მასმა აღნიშნა, ტრამპს პრეზიდენტობის 3,5 წელი დარჩა, რაც ცოტა არ არის, თუმცა, ამ ვითარებაში, შემდეგი არჩევნებისთვის სამუშაოდ არასაკმარისი დროა. და სწორედ აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ არის ტრამპი-მასკის დაპირისპირება კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლა სამომავლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად?

მივყვეთ ამ ლოგიკას: ზოგადად, ყველა ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს მოსახლეობის დაახლოებით 30-40% ან ხშირად უფრო მეტიც. ეს პასიური ამომრჩეველია და ამ ფენის სახლიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ახალ, ორიგინალურ იდეას. ეს არის ის ველი, რომელზედაც ყველა პარტია მუშაობს, მაგრამ ცოტას თუ გამოსდის.

ილონ მასკის განცხადება ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე “Middle” ამომრჩევლისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ფენაა, გონივრული ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკელების ჭიდილი დემოკრატებთან, ნელ-ნელა რთულდება. ლიბერალიზმის და ვოუქიზმის სამშობლო ამერიკაა და ისინი თავიანთ დროს ელიან. მათ საბოლოოდ დასამარცხებლად ტრამპის გუნდს აუცილებლად დასჭირდება დამხმარე ძალა, რომელიც წაიღებს იმ ამომრჩეველთა ხმებს, რომლებსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს და მანამდე არ ჰყავდათ მათთვის მისაღები იდეოლოგიის პარტია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების გარდა კიდევ არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ იმდენად მცირე, რომ თავად ამერიკელებმაც არ იციან მათი არსებობის. ამიტომ, საჭიროა ახალი ამბიციური პარტიის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ დაანგრევს ამერიკულ ორპარტიულ სტანდარტს და ამასთანავე, არ მისცემს გასაქანს ლიბერალებს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეჭვგარეშეა, რომ ანტილიბერალი ილონ მასკი მათ წინააღმდეგ იმუშავებს.

ეს არის ის გონივრული ეჭვი, რაც ტრამპი-მასკის გუშინდელი ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გაჩნდა, რომელსაც ალბათ აქვს არსებობის უფლება,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები