„დღევანდელი ჩემი განცხადებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი, კანონმდებლობის, კონსტიტუციური ვალდებულებისა და საერთაშორისო იურისდიქციული ნორმების პატივისცემის აუცილებლობას – დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი შვილები და მათი ფუნდამენტური უფლებები. და რაც მთავარია მორალური და ეთიკური საზღვრები. როგორც მოქალაქემ მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი არა მხოლოდ ინციდენტთან არამედ ზოგადად იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება“- ამის შესახებ „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.
„მოგეხსენებათ 17 მაისს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავდა, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ჩვენი, როგორც ოჯახის წევრების კონსტიტუციური ვალდებულება, ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად თავს დაგვესხნენ რადიკალური აქტივისტები სისტემატური და კოორდინირებული თავდასხმით. 17 მაისის ინციდენტით ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დესტრუქციული ძალების მიერ დაკონსტრუირებულ პროცესებზე, პროტესტის ფორმებსა და აქციებზე, რომლებიც ნორმად იქცა დღეს ჩვენ სინამდვილეში და საზოგადოების გახლეჩვას ემსახურება. გახლეჩილი საზოგადოება კი, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ვერ ააშენებს.
მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ, თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვაკეთებთ აქცენტს, დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს. ამიტომაც, განსხვავდება ათენური და ბერძნული დემოკრატია კიევის რუსეთის “ვეჩეს” სისტემისაგან, სადაც ის იმარჯვებდა, ვინც უფრო ხმამაღლა დაიყვირებდა და მუშტსაც უთავაზებდა განსხვავებული აზრის მქონე თავის მოწინააღმდეგეს.
დღესდღეისობით კი ჩვენ ვხედავთ იმ მოძველებული და თავსმოხვეული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც აშშ-ში გასული საუკუნის 50-60 იან წლებში არსებულ ისეთ ახალგაზრდულ მოძრაობებში იყო გამოყენებული“,-აღნიშნა ლაშხმა.
მისივე თქმით, თავდასხმის დროს აქტივისტებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის სხვადასხვა მუხლი დაარღვიეს.
„მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა: ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობის ყველა ფორმისგან, ბავშვის დისკრიმინაცია მშობლის საქმიანობის გამო დაუშვებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ბავშვის გადაღება მისი ნებართვის გარეშე. ეს არის არამხოლოდ (დისკრიმინაცია) და საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხი- თავისუფლება, ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვას, რომელიც არსად შეზღუდული არ არის. საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმებით თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მასზე თავდასხმის ფაქტზე და გამოხატვის ფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმებით თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში“.
„მიუხედავად ამდენი კანონდარღვევისა, ისინი, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან, მაინც შეეცდებიან “თავისუფლების შეზღუდვად” მონათლონ კანონიერი ქმედებები, ამიტომ ნება მომეცით განვმარტო – თავისუფლება, ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვას, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა (და არა მარტო ისინი) ყველგან, ხედავს და არსად შეზღუდული არ არის. იქნება ეს ღია სივრცეები, სოც ქსელები თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმებით თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში. მათი ფორმატიც კი არა ჰეროიკულია და არა ჰუმანური, თუმცა სამწუხაროდ, მიმბაძველები ნამდვილად ჰყავთ.
ისინი თავიანთ ე.წ “გმირობას” ლაივ ჩართვებით აყურებინებენ ხალხს, ვიდეო არქივებს ქმნიან, რითაც ქართველ ხალხს საკუთარი თავისუფლების და გმირობის მათეულ ვერსიას სთავაზობენ, რაც მერწმუნეთ ქართველების დაცინვას უფრო ჰგავს. რადგან ქართველებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ნამდვილი გმირები მრავლად გვყავს. მათი ქცევები, მათი მოქმედებები და მოღვაწეობა საბედნიეროდ სკოლაში გვასწავლეს, ოჯახში აღგვზარდეს და ეს გმირები ახლა ჩვენს ხატებადაც არიან ქცეულნი. მათ კი ან არ იციან ან განგებ უგულებელყოფენ“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე-მოვალეობა და რაც მთავარია დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი- ცნობისთვის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციაში საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება
მარიამ ლაშხი- როდესაც რადიკალიზმის სისტემატური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოებრივი გაერთიანება , რაც ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა – უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და რაც მთავარია დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი“-განაცხადა „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც მასზე თავდასხმის საკითხზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, „ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციაში საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, დამამძიმებელი გარემოებაა თუ ეს ხდება ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად!“
„ასევე მოვისმინე ცრუ პარალელების გავლება სხვა დედებთან! არავინ გაბედოთ ჩემი შვილების მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალურ ექსტრემისტებთან შედარება! მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვნების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა! მით უფრო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით!
მაშინ, როდესაც რადიკალიზმის სისტემატური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოებრივი გაერთიანება , რაც ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია!
ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად გვაქვს კონსტიტუციურად დაცული! ამ ამორალობას ვერ და არ დავამკვიდრებთ საქართველოში! ჩვენი ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ უსაფრთხო და ღირსეულ მომავალს!“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.