თეთრის სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრაზე მოუწოდა, რომ მან ისრაელთან შეთანხმება გააფორმოს, სირიის ტერიტორიიდან ყველა ტერორისტი განდევნოს, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია მოახდინოს.
გარდა ამისა, როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპმა აგრეთვე სთხოვა ალ-შარაას აშშ-ს დაეხმაროს, რათა მან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება არ დაუშვას. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა სირიას აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მოთავსების ცენტრების მოვლაზე.
თეთრი სახლის სპიკერის თქმით, დღეს საუდის არაბეთში ტრამპი ალ-შარაას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად შეხვდა. შეხვედრაში ტელეფონით მონაწილეობდა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.
„პრეზიდენტმა ალ-შარაამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს, ტახტის მემკვიდრეს და პრეზიდენტ ერდოღანს შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღიარა, რომ სირიიდან ირანის წასვლა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, სირიისა და აშშ-ის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ტერორიზმთან ბრძოლისა და ქიმიური იარაღის განადგურებისთვის“, – დაწერა ლევიტმა.