9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ირაკლი კობახიძე- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის რიგით მეცხრე ყრილობაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ირაკლი კობახიძემ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში.

მადლობა მას ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე-ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო

„ახლახანს შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ყრილობაზე.

მისი თქმით, „ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქართული საქმის კეთებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართული საქმის კეთებისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო. მადლობა: სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე- სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი

ირაკლი კობახიძე-13 წლის განმავლობაში, გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს

ირაკლი კობახიძე-„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის

დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.

ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად.

ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე“-აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დასასრულს, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს „რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“.

„სწორედ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის შესაძლებლობას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის.

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის!“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მოიგებს მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში, არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება.

„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეოპოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება – ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის – მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ

ირაკლი კობახიძე: გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე

ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი – ორი ეროვნული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ვერავის მისცემს უფლებას, რომ სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება. მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღადგენენ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას, რითაც აასრულებენ უმთავრეს ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე.

„ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება: გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის – მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ; მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართალი სამშობლოსთვის ბრძოლაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები