9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

სომხეთის პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას, სომხეთი აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მივესალმებით სამმხრივი პლატფორმის ინიციატივას

ბოლო დროს სომხეთსა და საქართველოს შორის აქტიური და ძალიან მრავალშრიანი ურთიერთობაა. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის, მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი განცხადებებისას.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, გრძელდება შეხვედრები მაღალ დონეზე, ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის.

„გასულ წლებში თანამშრომლობის უპრეცედენტო აქტივობა გვქონდა, სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციამ საფუძველი შეუქმნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის მხრიდან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის განცხადება, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველო-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება.

დღეს, ჩემს კოლეგასთან ერთად შევეხეთ სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგის მრავალ თემას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებს, სპორტისა და ახალგაზრდობის თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. დღეს განვიხილეთ ასევე რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხი. სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობისა და განვითარების საკითხზე და გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა აღნიშნა ისიც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად.

„ვიმედოვნებთ, შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას. სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენს ძალისხმევას, მივესალმებით სამმხრივი პლატფორმის შექმნის შესახებ თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე, ტერიტორიულ და ასევე გლობალურ საკითხებზე. მინდა, გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველო და სომხეთი გააგრძელებენ ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას“,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები