3 აპრილი, ხუთშაბათი, 2025
3 აპრილი, ხუთშაბათი, 2025

ლევან მაჭავარიანი: ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში? ვერ გაიხსენებთ – ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა და გარე მტრებთან, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დემონსტრანტებს მიმართა და რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალა, რაც მისი გადმოსახედიდან ნამდვილად გასაპროტესტებელი იყო ამ სამი წლის განმავლობაში.

„ელჩების დემარში მინდა შეგახსენოთ. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩმა დემარში მოგვიწყო, თითქოს სააკაშვილს ვკლავდით, ვაწამებდით და უნდა გაგვეთავისუფლებინა. არ იცოდით, რომ სააკაშვილი სიმულანტობდა?! იგივე მიზეზით ზელენსკიმ, რომ სამარცხვინოდ ჩვენი გმირი ელჩი გამოაგდო კიევიდან იმის გამო, რომ თითქოს პუტინის ხელით ვაწამებდით მიხეილ სააკაშვილს – არ იყო ეს თავის მომჭრელი ჩვენი ქვეყნისთვის?! რატომ არ გააპროტესტეთ? მითუმეტეს როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა დაიწყოსო საკვების მიღებაო და ყველაფერი კარგად იქნებაო და დაიწყო ჭამა ბატონმა სააკაშვილმა და კარგად გახდა. პროტესტი არ გაგიჩნდათ ამის მიმართ? ამან თავი არ მოჭრა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე?
ქალბატონი ზურაბიშვილი რომ იძახდა სტატუსი არ გვეკუთვნისო, რომ გასაჯაროვდა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში სხვათა შორის ენჯეოები, ვინც ითხოვდნენ, რომ სტატუსი არ უნდა მიგვეღო, ოპოზიციონერები ერთმანეთს რომ აბრალებდნენ, როდესაც უკვე იგრძნეს, რომ ვიღებდით კანდიდატის სტატუსს, რომ სხვები დარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიგვეღოო – ამასთან დაკავშირებით თქვენ პროტესტი არ გაგიჩნდათ? ეს არ იყო არაქართული საქციელი?
ე.წ. „რუსულ კანონზე“ მინდა შეგახსენოთ, თქვენ რომ გაპროტესტებინეს თვე-ნახევრის განმავლობაში ქართული კანონი და გაძახებინეს, რომ ეს იყო რუსული, რას გეუბნებოდნენ – გეუბნებოდნენ, რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით ავკრძალავდით მედია საშუალებებს, ავკრძალავდით ენჯეო სექტორს და როგორ შეიძლება ამ კანონში მოხვდესო მაგალითად USAID-ი და NED-ი, რომელიც ამერიკული ორგანიზაციები არიო, დღეს რომ ყველაფერი გაიშიფრა, ერთი წელი გავიდა და არავინ არ აგვიკრძალავს, თვითონ ამერიკამ გამოაცხადა USAID-ი და NED-ი დამნაშავე ორგანიზაციებად, დღეს მაინც არ გიჩნდებათ პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, როგორც შიდა აქტორების, ისე გარე აქტორების მიმართ, ვინც ესე გატყუებდნენ და ასეთი ტყუილი შემოგთავაზეს და თვე-ნახევარი ქუჩაში დაგაყენეს?
ოთხივე რადიკალურმა პარტიამ, რომ ბრიუსელში გააგზავნა ე.წ დანოსი, 18 თებერვალი იყო, ოთხივე პარტიის ხელმოწერა არის, სადაც ევროკავშირს ეხვეწებიან, რომ საქართველოსთან გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა და აბსოლუტურად არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ იყოს, ყველანაირი ტიპის დახმარება, თუ რამე გათვალისწინებული იყო, მიემართოს ენჯეო სექტორს და ა.შ. რატომ არ გაუპროტესტეთ ეს არცერთ პარტიას? რატომ, არ შეგაწუხათ? ეს ჩვენ რეპუტაციას არ აზიანებდა? ეს არ იყო არაქართული საქმე?“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იბრძვის შიდა და გარე მტრებთან, რომ საქართველო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული.

კიდევ ბევრი არის ჩამოსათვლელი, უბრალოდ ფორმატი არ მაძლევს ამის საშუალებას თორემ შემიძლია კიდევ ძალიან ბევრი ვილაპარაკო. ახლა არ არის მაგისი დრო და მოდი დავივიწყოთ რა გააპროტესტეთ და რა არ გააპროტესტეთ. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან – თქვენ თავთან მარტო რომ დარჩებით, ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში? ამასაც ვერ გაიხსენებთ. ჩვენ დამოუკიდებლობა ავირჩიეთ 34 წლის წინ. დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება, მუდმივი ბრძოლა და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა მტრებთანაც და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული.
თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში, გვერდში დაგვიდექით ამ ეროვნულ საქმეში, იმიტომ, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები