ლევან მაჭავარიანი: როდესაც 2022 წელს ჩვენ დაგვჩაგრეს, კანდიდატის სტატუსი მისცეს მოლდოვას და უკრაინას, გულწრფელ დემონსტრანტებს მივმართავ, რატომ არ გაგიჩნდათ, პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაჩაგრეს და რატომ არ მიუძღვენით თუნდაც ერთი ფეისბუქ პოსტი ამ ყველაფერს?!
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ უამრავი პროტესტი მოაწყვეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე მინდა მივმართო იმ დემონსტრანტებს, რომლებსაც ჩვენ გულწრფელ დემონსტრანტებს ვეძახით, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში არიან შესულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გულწრფელ დემონსტრანტებში გულისხმობს გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერებს, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტიაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში არც რადიკალური პარტიების აქტივისტებს, არც მდიდარი ენჯეო ორგანიზაციების აქტივისტებს, არ ვგულისხმობ არც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია “ახალის” მხარდამჭერებს – ამ შემთხვევაში უფრო აქცენტს ვაკეთებ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის მხარდამჭერებზე, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტიაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მათი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტს ხვდებიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ცოტახანში ისინიც დარწმუნდებიან, რომ ეს ორივე პარტია არის ჯამში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალა, რაც მისი გადმოსახედიდან ნამდვილად გასაპროტესტებელი იყო ამ სამი წლის განმავლობაში და ზემოთ ხსენებულ ადამიანებს სთხოვა, რომ თავის გულში ჩაიხედონ, თუნდაც ერთი ფეისბუქ პოსტით მაინც თუ აქვთ ეს ყველაფერი გაპროტესტებული.
„მე მინდა დავიწყო მაგალითად 2022 წელს, როდესაც ბატონმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი მიზეზით: ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს და არ დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა, მაშინ როდესაც, ყველას შევახსენებ, რომ იმავე წელს ევროკავშირმა ასობით მილიარდი დოლარი ივაჭრა რუსეთთან და მეორე მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისი მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან. ეს ხომ იყო გასაპროტესტებელი, ამით ხომ ჩვენი ქვეყანა ინგრეოდა?! მე არ მახსენდება, რომ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ნეგატიური პოსტი მაინც დაეწერა.
კანდიდატის სტატუსის თემა მინდა შევახსენო ყველას, როდესაც 2022 წელს ჩვენ დაგვჩაგრეს, მისცეს მოლდოვას და უკრაინას. კარგი უკრაინა ომშია, თვალი დავხუჭოთ. როგორ მისცეს მოლდოვას, როდესაც ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით წინ ვიყავით მოლდოვაზე, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად არ არსებობს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური პარტიები. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ გაგიჩნდათ, გულწრფელ დემონსტრანტებს მივმართავ, პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაჩაგრეს და რატომ არ მიუძღვენით თუნდაც ერთი ფეისბუქ პოსტი ამ ყველაფერს?!
შავი ხვრელიო, რომ გვაბრალებდა რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები, რუსეთისთვის თავის არიდებაშიო საქართველო გამოიყენება შავ ხვრელადო, ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად 2023 წლის ივნისში ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან, ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან სანქცირების კოორდინატორები, რომლებმაც დაადასტურეს და თავის საჯარო განცხადებაში განაცხადეს, რომ კმაყოფილი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ რადიკალური ოპოზიცია, ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო და იმიჯის დამაზიანებელი, რატომ არ დაპოსტეთ თუნდაც ერთი პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ესეთ რაღაცას აბრალებდა რადიკალური ოპოზიცია?!” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.