პარლამენტი მეორე სასესიო მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნების საკითხს დღეს განიხილავს. აღნიშნული მუხლი ქართული კანონმდებლობიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რამდენიმე თვით ადრე ამოიღო.
„ქართული ოცნება“ ამავე მუხლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობენ, რომ ყველა ჩადენილ დანაშაულს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ცნება სამშობლოს წინაშე ღალატისა, არის ნიველირებული. ის დანაშაულები, რომელიც ერის, სახელმწიფოს, სამშობლოს წინააღმდეგ არის ჩადენილი და სხვადასხვა კონკრეტული ქმედებით შეიძლება ვლინდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს ეს სახელი. გამომდინარე აქედან, ეს არის გარკვეულწილად პრევენცია იმისა, რომ სამართალდამრღვევს სხვა შემაფერხებელი და შემაკავებელი ფაქტორიც გააჩნდეს, როდესაც ის ასეთი ტიპის დანაშაულს ჩაიდენს“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.