მე ვფიქრობ, რომ ეს თემა კარგად არის შესასწავლი. ჩვენი გამოცდილებიდანაც და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების მხრივ. ის, რომ რეალიზატორები მკაცრად დაისჯებიან, ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ამ რეალიზატორებსა და ნარკოდამოკიდებულ ხალხს შორის როგორ იქნება ზღვარი გავლებული ეს რთული საქმეა, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას.
„უნდა დამზადდეს რგოლები, გამოიცეს სახელმძღვანელოები, შევიდნენ სკოლებში. მძღოლებს გააჩერებენ და შეამოწმებენ ნარკოტიკებზე, ასევე ისეთ მძღოლებს, რომლებსაც ხალხი გადაჰყავთ. ღამის კლუბები სავსეა ნარკოტიკებით და ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ რაღაც ახალი შეიგრძნონ, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ამ მხრივ, ყველაფერს სინჯავენ. ამას უნდა კომპლექსური მიდგომა და ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან, ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა მან.
სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევენ სასულიერო პირები. ამბობენ, რომ ცვლილებებს შედეგები უნდა მოჰყვეს, აქცენტს აკეთებენ სწორ საინფორმაციო კამპანიებზე.