სამხრეთის როლი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება. რაც რეგიონში ხდება, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტზე.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
„პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ.
საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით.
საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროპის ნაწილი და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ნაწილი.
მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც თავის მხრივ სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას მოითხოვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.









