გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.