1 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
1 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი

ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ძალიან სჭირდება.

„ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავიზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება.
თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო.

„სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა.

თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები