29 დეკემბერი, კვირა, 2024
29 დეკემბერი, კვირა, 2024

ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები ნამდვილად საამაყო უნდა იყოს, ვინაიდან ისტორია შეაფასებს ყოველივეს და ნათლად იტყვის, თუ რა მსხვერპლი გაიღო მან უბედურებისგან ქვეყნის გადასარჩენად

სინამდვილეში ეს ოფიციალური სანქცირება გვირგვინია მისი ცხოვრების. ეს თავგანწირვა კი საბუთი მისი უკიდეგანო პატრიოტიზმის, რომელსაც დღევანდელი ვითომ მედასავლეთეები და „თავისუფლებისათვის მებრძოლები“ ვერც დაინახავენ და არც შეიმჩნევენ. ღირსეული საზოგადოება დღესაც და მომავალშიც აუცილებლად დააფასებს, შეაფასებს ამ საქციელს, როგორც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავის გაწირვის შესანიშნავ მაგალითს, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სანქციები სალომე ზურაბიშვილის და ბაიდენის უკანასკნელი სინქრონული კუდის მოქნევებია თავისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთებში.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა მობილიზდეს და შექმნას ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, აუხსნის მას რეალურ სიტუაციას, დაანახებს, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ესენი ზუსტად ის ხალხია, რომლებიც მას დაჭერით ემუქრებოდნენ, რათა ხელისუფლებაში არ მოეშვათ.

“სალომე და ბაიდენი ერთად იქნევენ კუდებს. ბიძინა დაასანქცირეს! ხარობს სანაცეთი! ხარობს ყველა, ვისთვისაც მთავარია საქართველოს დამცირება, დაძაბუნება და უცხოელებისთვის თვალებში და ხელებში მათხოვრული მზერით პირადი დივიდენდების მიღება! იმათ, ვინც დღესაც გულწრფელად ფიქრობს, რომ „მშვიდობიანი“ მიტინგები „დესპოტმა“ ხელისუფლებამ დაარბია, რათა ქვეყანა „რუსულ ჭაობში“ წაიყვანოს, უკვე აღარაფერი ეშველება. სამშობლოს განცდის უნარი არ შეიძლება გააჩნდეს იმას, ვინც ვერ ხედავს, თუ რატომ სჯიან ადამიანს, რომელმაც უარი თქვა სამშობლოს ღალატზე! სამშობლოს უბედურების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე”, – წერს კაკაბაძე.

მისი თქმით, საქართველოს „დაუძინებელმა მეგობრებმა“ უტიფრობის და უზნეობის მასშტაბებით, გადაასწრეს ბოლშევიკებსა და ფაშისტებს. ადამიანს სჯიან იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა ზვარაკად არ შესწირა ამერიკის ინტერესებს და არ დათანხმდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ფინიასავით დაეწყო ყეფა სპილოსთვის, რომელიც ძალიან მალე აუცილებლად გაჭყლიტავდა.

“არა თუ პარტნიორი, მონათმფლობელიც კი არ მოითხოვდა ასეთ მორჩილებას, რომ შესწიროდი ზვარაკად მფლობელს, ბატონს, რადგან პაიკს არა გაქვს უფლება უარი უთხრა იმის სურვილს, ვინც როგორც სათამაშოს ისე გიყურებს. ასე ხდება, როცა შენ პაიკის როლს განგისაზღვრავენ, არ გაძლევენ უფლებას, არ შეეწირო შენით მოთამაშის მიერ ჩაფიქრებულ სვლებს. ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს სანქციები, ნამდვილად საამაყო უნდა იყოს, ვინაიდან ისტორია შეაფასებს ყოველივეს და ნათლად იტყვის, თუ რა მსხვერპლი გაიღო მან უბედურებისგან ქვეყნის გადასარჩენად. როდესაც გაგაჩნია ღირსება, ის არ გაძლევს საშუალებას დათანხმდე, შენთვის განკუთვნილ (პაიკის) როლს. ღირსება გკარნახობს მიიღო რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნისათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებები, სწორედ ღირსების განცდა განაპირობებს მასში მზაობას, მიიღოს და გაუძლოს მის წინააღმდეგ მომდინარე ასეთ დარტყმებს. ჩვენ (ქართველი ხალხის უმრავლესობა) ვხედავთ მისი მხრიდან ასეთ მზაობას, სულის და ხორცის სიძლიერეს, რაც ძალიან უკვირთ ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლ, რეალურად კი მონური სულის მქონე არარაობებს. მათთვის გაუგებარია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი თავგანწირვა სამშობლოსთვის, ამიტომ ყველაფერს საკუთარი ბნელი და ბინძური გონების სტანდარტებით აფასებენ.მდაბიო სულის მქონე არარაობები, ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს ბიძინა, რომ ის რუსეთის აგენტია და „იქ“ მიჰყავს ქვეყანა, ან რუსული „პოლონიუმის“ ეშინია და საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდებაო”, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კაკაბაძის თქმით, სინამდვილეში ეს ოფიციალური სანქცირება გვირგვინია ივანიშვილის ცხოვრების. ეს თავგანწირვა კი საბუთი მისი უკიდეგანო პატრიოტიზმის, რომელსაც დღევანდელი ვითომ მედასავლეთეები და „თავისუფლებისათვის მებრძოლები“ ვერც დაინახავენ და არც შეიმჩნევენ. ღირსეული საზოგადოება დღესაც და მომავალშიც აუცილებლად დააფასებს, შეაფასებს ამ საქციელს, როგორც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავის გაწირვის შესანიშნავ მაგალითს.

“საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა რეალური გმირების დემონიზება თანამედროვეთა მიერ. ნახეთ, რა ჟრიამული აქვთ ატეხილი ქაჯებს, როგორ ხარობენ საკუთარი სამშობლოს დამონების დემონსტრირებით, თუმცა, არ უნდათ გაიგონ, რომ ეს სალომეს და ბაიდენის უკანასკნელი სინქრონული კუდის მოქნევებია თავისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთებში. ეს ის ბაიდენია, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა იმისათვის, რომ ტრამპი ციხეში გამოეკეტა და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელმა ხალხმა გამოიხსნა ციხის საკნის გაღებული კარიდან და ქვეყნის მართვის საჭე ანდო საკუთარ რჩეულ პრეზიდენტს.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა მობილიზდეს და შექმნას ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, აუხსნის მას რეალურ სიტუაციას, დაანახვებს, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ესენი ზუსტად ის ხალხია, რომლებიც მას დაჭერით ემუქრებოდნენ, რათა ხელისუფლებაში არ მოეშვათ და რომ სწორედ ისინი მოქმედებენ ახლა ანალოგიური მეთოდებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, საჭიროა საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა მხარი აუბას ხელისუფლების ამ ინიციატივას და დაანახოს მსოფლიოს, რომ უმრავლესობამ დღევანდელ ხელისუფლებას და მის კურსს მიანიჭა ლეგიტიმაცია. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მრწამსი და გვჯერა, რომ ქართველი ხალხის შეხედულება და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პოლიტიკა ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს, რაც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას, სიმართლეს და სამართლიანობას”, – წერს ნანა კაკაბაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები