29 დეკემბერი, კვირა, 2024
29 დეკემბერი, კვირა, 2024

ხვალ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება

29 დეკემბერს ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.

ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართელოს მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სახელმწიფო ჰიმნს სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სპეციალურად ამ დღისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დაიბეჭდა.

„შემდეგ ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ისტორიას შევქმნით. გავა წლები, ათწლეულები, ასწლეულებიც და ეს იქნება ის ორიგინალი, რომელზეც ყველა პრეზიდენტი დადებს ფიცს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცერემონიის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გაცემულია სპეციალური აკრედიტაციები. მედიისთვის პარლამენტის სასახლის B კორპუსის ნულ სართულზე იმუშავებს მედია სივრცე.

პარლამენტის ცნობით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, ხვალ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს.

ის საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია. 225 ბიულეტენიდან ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები