21 დეკემბერი, შაბათი, 2024
21 დეკემბერი, შაბათი, 2024

თანხმობა დამატებით მიწის ნაკვეთების 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე გაიცა

თბილისის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისცა თანხმობა, დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახდინოს მიწების რეგისტრაცია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის და წყნეთის სისტემურ არეალებში შემავალ მიწებს.

კახა კალაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაწყებული სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის მიწების სისტემური რეგისტრაცია. ეს იყო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა ბევრი თბილისელისთვის, რომლებიც ფლობდნენ მიწებს და ვერ ახერხებდნენ მის დარეგისტრირებას. ათი ათასობით ასეთი ოჯახი იყო დედაქალაქში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა მიწის სისტემური რეგისტრაციები, მაგრამ თბილისი იყო გამონაკლისი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2023 წელს გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიეცა თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი.

„პროექტის დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ შეგვეძინა შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა, რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ფარგლებში შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰა-ს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰა მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს. დღეის მდგომარეობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მივეცით თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. მიხარია, რომ კიდევ უამრავ ოჯახს გავაბედნიერებთ და გავახარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები