თეკლა მძელური არის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი, რომლის შემოქმედებაც მკითხველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და სიღრმისეულ ემოციებს აღძრავს. მისი ლექსები გამორჩეულია იმითაც, რომ ბუნება აღწერილია უნიკალური ხერხებით.
რას ნიშნავს თეკლა მძელურისთვის პოეზია, რა თემებია ახალგაზრდა პოეტის მთავარი შთაგონება და რა ადგილს იკავებს შემოქმედებით პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები?
ონლაინგამოცემა “მხარე” ახალგაზრდა პოეტს, თეკლა მძელურს ესაუბრა:
– თეკლა, როგორ დაიწყო თქვენი პოეტური გზა?
– ბავშვობიდანვე ვწერდი პატარა ჩანახატებს, თუმცა, პირველი ნაბიჯი გადავდგი 16 წლის ასაკში, როდესაც ჩემმა პირველმა ლექსმა ფართო საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა.
– რა არის თქვენთვის პოეზია?
– პოეზია არის ჩემი სულიერი თავისუფლება, საშუალება, ვიფიქრო და გამოვხატო ის, რაც სიტყვებით რთული გადმოსაცემია.
– ვისი შემოქმედება გიყვართ ან ვინ იქონია გავლენა თქვენი წერის სტილზე?
– ძალიან მიყვარს გალაკტიონ ტაბიძე, რადგან მისი პოეზია ძალიან მუსიკალურია.
– რა თემებია თქვენი პოეზიის მთავარი შთაგონება?
– ჩემთვის შთაგონების წყაროა ბუნება, სიყვარული და სოციალური საკითხები. ვცდილობ, ლექსებით გამოვხატო ის, რაც ადამიანებს გვაერთიანებს.
– ლექსის შექმნის დროს რამე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ?
– ხანდახან მუზა მოულოდნელად მოდის და ერთი ლექსიც მზად არის, მაგრამ ზოგჯერ, საათობით ვზივარ და ვცდილობ, თითოეული სიტყვა შევარჩიო.
– რა გინდათ, რომ თქვენმა მკითხველმა იგრძნოს ლექსის კითხვისას?
– მინდა, რომ ჩემი ლექსები ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი ემოციების უკეთ გაცნობიერებაში და გაერთიანებაში.
– ვისთვის, რომელი აუდიტორიისკენ არის მიმართული თქვენი პოეზია?
– ჩემი ლექსები განკუთვნილია მათთვის, ვინც სულიერ სიმშვიდეს ეძებს. ვცდილობ, თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერპრეტაციის საშუალება მივცე.
– როგორ ფიქრობთ, პოეზიის კითხვა ყველასთვის აუცილებელია?
– პოეზია არ არის ყველასთვის, მაგრამ ვისაც უყვარს, ის აუცილებლად პოულობს მასში ძალას, შთაგონებას და სიმშვიდეს.
– როგორ მოქმედებს პოეზია თქვენს ყოველდღიურობაზე?
– ჩემი ყოველდღიურობა ხშირად შთაგონების წყაროა. ქუჩის ხმები, უბრალო საუბრები ან, უბრალოდ, მზის ჩასვლა… ყველაფერს შეუძლია ლექსად გარდაქმნა…
– რა ადგილს იკავებს თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენს შემოქმედებით პროცესში?
– ტექნოლოგიები მეხმარება ჩემი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გავუზიარო. სოციალური პლატფორმები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოეზიის პოპულარიზაციისთვის.
– როგორი იქნება თქვენი პოეზია მომავალში?
– მინდა, რომ ჩემი ლექსები უფრო მეტი ადამიანის გულს შეეხოს და სხვადასხვა პლატფორმაზე გაჩნდეს. ასევე, ვგეგმავ ახალი კრებულის გამოქვეყნებას.
– და ბოლოს, რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც პოეზიით არიან დაინტერესებულნი?
– არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, იპოვეთ საკუთარი ხმა და, რაც მთავარია, გულწრფელები იყავით თქვენს შემოქმედებაში.
ავტორი: სალომე გოგოლაძე