ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩი იტყუება.
„შეფასება მოჰყვება ტყუილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ არსებობს. ანუ, ფაქტი არ არსებობს და ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს არსებობს – შეაჩერეს, შეაფერხეს, მსგავსი არაფერი ეწერა იმ განცხადებაში, რომელიც წარმოადგინა საზოგადოების წინაშე პარტიის სახით ირაკლი კობახიძემ. სამწუხაროა, რომ გვიწევს იმის თქმა, რომ ელჩი პირდაპირ იტყუება.
თუკი ვინმეს კიდევ არ სჯერა, ჩვენი იმ განცხადების, რომ შანტაჟის ბერკეტად და იარაღად სჭირდებოდათ ამ საკითხის გამოყენება, მაშინ ნახონ ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, ელჩის გუშინდელი განცხადება და თუ იქ სიმართლე წერია, მაშინ კი ბატონო და თუ იქ ჩვენი განცხადებისგან აცდენილი რეალობა, ანუ ტყუილი წერია, მაშინ ჩვენ ვყოფილვართ ხომ მართლები?! თუ ელჩმა თქვა ის, რაც არის სიმართლე, მაშინ ჩვენ მტყუანები ვყოფილვართ, მაგრამ ელჩმა თქვა, რომ შევაფერხეთო – შევაჩერეთ. ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს. თუ შეჩერებულია ჩვენ რაღა შევაჩერეთ?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინკის დღეს გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.