სამი წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა და ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ინსტრუმენტად ჯერ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი უკვე მოლაპარაკებების გახსნა, საგრანტო დაფინანსება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, ეს თემები უხეშად იქნა გამოყენებული საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის, რაც არის დემოკრატიული არჩევნების პრინციპის დარღვევა და ღირსეული სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ ყველაფერზე რეაგირების მოხდენა.
„რაც შეეხება 78-ე მუხლს, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზნით ჩაიწერა ეს მუხლი. ჩვენი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ არის ურყევი და ძალიან კარგად გამოჩნდა ეს, მათ შორის გუშინდელ ბრიფინგზე. ვისაც სურდა მოსმენა, ძალიან კარგად გაიგებდა ამ ყველაფერს.
მინდა, მივმართო გუშინ შეკრებილ მომიტინგეებს, ვინც გულწრფელად იყო გამოსული, ძალადობრივ დაჯგუფებებზე არ მაქვს საუბარი, კიდევ ერთხელ წაიკითხონ გუშინდელი ტექსტი, რა ეწერა და რა ითქვა გუშინ. ძალიან მკაფიოდ იყო საუბარი, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი, ძალიან მკაფიოდ ითქვა გუშინ, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგულნი, ძალიან მკაფიოდ ითქვა, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასოცირების დღის წესრიგი არის მთავარი გზამკვლევი და ამასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის მთავარი გზამკვლევი.
78-ე მუხლი ჩვენ გავალდებულებს, სწორედ, ამ ვალდებულებების შესაბამისად მოქმედებას, ყველა პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გზამკვლევი არსად არის მოცემული გარდა ასოცირების დღის წესრიგის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა.
რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემას და საბიუჯეტო გრანტებს. აქ შეფასებაა მთავარი და შეფასება ჩვენი არის ის, რომ სამი წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა, ძალიან მარტივია, ხელის გულზე დევს. ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ინსტრუმენტად ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების გახსნა, საგრანტო დაფინანსება. საარჩევნო ჩარევისთვის იქნა გამოყენებული ეს საკითხი პირდაპირ, უხეშად, რაც არის უხეში დარღვევა დემოკრატიული არჩევნების პრინციპის. ამას რომ ვხედავთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ რეაქცია გვქონდეს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს. გუშინაც ითქვა და დღესაც შემიძლია გავიმეორო – ჩვენი ეს გადაწყვეტილება არათუ ხელს შეუშლის, პირიქით ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, როცა შესაბამის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ხელიდან გამოეცლებათ შანტაჟის ინსტრუმენტი, დარჩება მხოლოდ საქმე და ეს საქმე არის ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა პრემიერმა.