23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მთავარი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მთავარი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ დიდ საქმეში ელჩების როლი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს დედაქალაქებში სწორად იქნეს მიტანილი ჩვენი სათქმელი და საქართველოს ინტერესები სწორად წარმოჩინდეს.

„მოგესალმებით, პატივცემულო ელჩებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მით უმეტეს, ამდენი გამოწვევით აღსავსე რეალობაში. ახალ სიტუაციასთან, ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მინდა რამდენიმე სიტყვით თქვენთან ერთად შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომიუკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა  მთელი მსოფლიო წესრიგი. მე მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, რომ ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და, ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ომის დაწყების დღიდან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო და, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება.

მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს, და ჩვენ ეს ჩვენი  პოლიტიკით, ჩვენი მოქმედებებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი, ყველას, მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, ელჩების როლი, რომ სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტიანი, კონტრსაპასუხო მოქმედებები, ‘’- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წლის მნიშვნელოვან დადებით მოვლენად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება დაასახელა.

„წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, რომ ჩვენი, ყველას, მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, კარგად გვესმის ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით მეტად – ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულებისკუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით. მაგრამ გასაგებია, გვესმის ჩვენ ყველას კარგად, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომში იმყოფება ქვეყანა. ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს – მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს, მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა, ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომლებიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული, თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობაა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები