23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვა“ – რას პასუხობს ღარიბაშვილის უწყება პორტალ „მხარეს“

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, საინფორმაციო პორტალზე „მხარე“, სტატია გამოქვეყნდა – სათაურით-“ირაკლი ღარიბაშვილის პიარის უფროსს, მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი ექნება და ის, 6000 ლარს მიაღწევს”.

სტატიაში აღვნიშნავდით, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის  და მისი მოადგილის შესარჩევად, ღია ტიპის კონკურსია გამოცხადებული. hr.gov.ge-ზე განთავსებული განცხადების თანახმად, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 6 000 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო მისი მოადგილის 3 600 ლარით.

თავდაცვის სამინისტროში, იგივე პოზიციებზე, ბოლოს კონკურსი ბოლოს 2017- 2018 წლებში იყო გამოცხადებული. თანამდებობრივი სარგოები,  ორივეჯერ დაახლოებით 2 000 (±100) ლარით იყო განსაზღვრული. ვინაიდან თანამდებობრივი სარგოს მსგავსი ოდენობით გაზრდაზე იყო საუბარი, თავდაცის სამინისტროს ოქტომბერს (10 ხუთშაბათს) მივმართეთ წერილით – გვაინტერესებდა – რა მიზეზით იყო გამოწვეული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის ხელფასების ზრდა? პარალელურად მივწერეთ სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე, რომ მივწერეთ ფოსტაზე და ეპასუხათ. „თქვენი განცხადება მივიღეთ და გადაგზავნილია შესაბამის ადრესატთან“- მოგვწერეს პასუხად.

ისე დასრულდა სამუშაო დღე, თავდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ მიგვიღია. 11 ოქტომბერს კვლავ მივმართეთ, ამჯერად შეხსენებისთვის.

„მოგესალმებით, თქვენი განცხადება განხილვის პროცესშია და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებთ პასუხს.“- გვიპასუხეს, როგორც „ფეისბუქზე“, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე. 

12 ოქტომბერს, (შაბათ დღეს!) თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული  ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა („პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის,შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).

შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  დასაკავებელ პოზიციებზე 2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეული საინფორმაციო საშულებების მიერ  შრომის ანაზღაურებად მითითებული იყო  დარიცხული თანხა, რომელსაც აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის  ოდენობით.“- ნათქვამი იყო განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამო, ამბობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს – არა, ბატონებო – ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით, ფაქტი კი არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. როდესაც გაგვიჩნდა კითხვები, მოგმართეთ, მაგრამ პასუხის გასაცემად თავი არ შეიწუხეთ!

აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოს, აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობითო, გვწერდით… იგივე ლოგიკით აკლდება 20% თავად მინისტრის და პრემიერ მინისტრის ყოველთვიურ სარგოებს. ანუ რეალობა იგივე რჩება – ღარიბაშვილის პიარის უფროსს, მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე მაღალი ხელფასი აქვს და მის მოადგილეს, ალბათ – პრემიერის ოდენობის.

სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ 6 000 ლარი ძალიან ცოტაც კი არის მინისტრის პიარისთვის. ცოტა კი არა, 6 ლარიც ძალიან ბევრია ისეთი კადრებისთვის, რომლებსაც, ელემენტარულად პასუხის გაცემაც კი ეზარებათ ჟურნალისტებისთვის სამუშაო დღეებში, შემდეგ კი, მათი მოსვრილის მოწესრიგება უხდებათ არასამუშაო დღეს –  შაბათს.

სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ – რატომ არ მოგვაწოდეს ის ინფორმაცია ორი დღის მანძილზე, რომელიც შაბათ დღეს გაავრცელეს. გვიპასუხეს, რომ ჩვენ, არა პრესსამსახურს, არამედ სამინისტროს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს მივწერეთ და ამიტომ გაიწელა პროცესი.  იმის დასტურად, რომ სამინისტრო ცრუობს დამადასტურებელ დოკუმენტს ვურთავთ წერილს. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია.

 P.S. იმედს ვიტოვებთ, იმ კადრებს, რომლებსაც უწყების ხელმძღვნელობა შეარჩევს კონკურსით, თუ მის გარეშე და თვეში 10 000 ლარამდე უნდა ვუხადოთ ჩვენი ჯიბიდან, შეგნებული და გააზრებული ექნებათ ელემენტარული პასუხისმგებლობა მედიის წინაშე და ეცოდინებათ, რომ ინფორმაციას მაშინ აქვს ფასი, როცა ის დროულია.

პატივისცემით,

საინფორმაციო პორტალი “მხარე”

ავტორი:

ბოლო სიახლეები