“ბავშვობაში მატყუებდნენ, თურმე ყავის ნაცვლად ასკილის ნახარშს მასმევდნენ… მერე ნამდვილ ყავასაც გავუგე გემო და… დიდ ისტორიად აკინძულმა ფიქრებმა და მოგონებებმა: ზღვაზე, პალმებზე, თოლიებზე… ბავშვობაში დედის უჩუმრად დალეულ პირველ ფინჯან ქაფქაფა ყავაზე, ჭიქის ფსკერზე ამოკითხულ ქარტეხილიან მომავალზე და ჯადოსნური ენდორფინების ძალამ გადავწყვიტინა ჩემი ბედი – “ყავის მედეა ” გავმხდარიყავი.”
ბავშვობა
„ვფიქრობ, პირველად ცხოვრებაში მაშინ გამიმართლა, როდესაც ივნისის წვიმიან და ქარიან ღამით სოხუმში დავიბადე. ამბობდნენ “ბედის პერანგი“ გეცვაო, მაგრამ სხვას მისცესო… მჯერა!!!“- ასე იწყებს ჩვენთან საუბარს მედეა შვილდაძე. ამბობს, რომ დღეს სირთულეებს ახალ გამოწვევად აღიქვამს და ყველა სირთულის მიუხედავად ცხოვრების მშვენიერების დანახვაც გამოუვიდა, მანამდე კი…
„ბავშვობიდან კიდევ ბევრი რამ გამისხვისეს, ის რომ არავის უკითხავს ჩემი ნება, რამაც ალბათ, შემდგომში ჩემი ფათერაკებით და სირთულეებით სავსე ცხოვრება განაპირობა…“- აღნიშნავს მედეა შვილდაძე.
გვიყვება, რომ ზღვისპირას, დაბა აგუძერაში საოცრად ფერადი ბავშვობა გაატარა უმცროს დასთან და ძალიან მხიარულ მეგობრებთან ერთად.
„მშობლებში ძალიან გამიმართლა. რამდენადაც მამა რბილი და დამთმობი იყო ,დედა იმდენად მკაცრი და წესრიგის მოყვარული გახლდათ.
სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ველი წურწუმია, თინა ჭილაია და ჩემი 32 თანაკლასელი… ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღემდე ქმნიან ჩემში ადამიანს.
იცით როგორი ვიყავი? სამანტა სმიტს წერილი მივწრე ამერიკაში. მასთან მეგობრობა მინდოდა. წერილი ადრესატამდე ვერ მივიდა. მამას სამსახურმა ფოსტიდან მოაბრუნა წერილი და მაშინ პირველად გავიგე, რომ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თამანშრომლებს (რომელიც დაბა აგუძერაში მდებარეობდა) და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებოდთ კაპიტალისტური ქვეყნის შვილებთან კავშირი. ჩემი არტეკში წასვლის ოცნებაც ამ წერილმა და მამას სამსახურმა სამუდამო ოცნებად აქცია... და მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარვიყავი, ყველა არსებული საზღვარი დამენგრია და თავისუფლების გემო შემეგრძნო. მინდოდა გამეგო რა ხდებოდა სხვა სამყაროში.“- გვიყვება მედეა.
ბნელი 90-იანები
მედეა შვილდაძის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი 90-იან წლებში დადგა.
„ზრდასრულ ასაკს „ბნელ 90-ში“ მივაღწიე. არ გამიმართლა, ისე როგორც იმ 300 ათას ქართველს, რომლებსაც ნების უკითხავად გაუსხვისეს სახლი, წარსული და მომავალი...
ცხოვრება ოცნებების სასაფლაოს დაემსგავსა, ყვავ-ყორნებს ნისკარტით რომ მიაქვთ აუხდენელი ოცნებები და ხეზე თასმებად ჰკიდებენ და ქარის ამოვარდნას ელიან... იქნებ მოვწყდე, ქარმა გამიტაცოს… და… ახალ იმედად გადავიქცეო…“- აღნიშნავს მედეა შვილდაძე.
უცხო ქალაქი და ადამიანები, გაბნეული ფიქრები, დაღამების მოლოდინი… გრძელი, ნაცრისფერი დღეები, რომლებიც ღამეს გავდნენ... – ასეთი იყო მედეას ცხოვრების აღნიშნული ეტაპი.
„შიმშილი, სიცივე, სიმარტოვე… უსუსურობა... დედის ორწლიანი ტყვეობა. ერთადერთი რამ, რაც ჩემი იყო და ვერავინ ჩაერეოდა ოცნება იყო. ემიგრანტობაც გამოვცადე, ჩემი ადგილიც ვიპოვე, მაგრამ სულ სახლში მინდოდა! ჩემს საქართვლოში!!! ჩემს დედასთან, რომელიც ვერაგმა დაავადებამ მაინც წამართვა...
იცით გამოცდილებამ რა დამანახა?.. ცხოვრება მაინც გრძლდება...“- გვეუბნება მედეა.
საკუთარი საქმე
“ბავშვობაში მატყუებდნენ, თურმე ყავის ნაცვლად ასკილის ნახარშს მასმევდნენ… მერე ნამდვილ ყავასაც გავუგე გემო და…“- გემო გაუგო და იდეაც გაჩნდა.
„ერთ დიდ ისტორიად აკინძულმა ფიქრებმა და მოგონებებმა: ზღვაზე, პალმებზე, თოლიებზე… ბავშვობაში დედის უჩუმრად დალეულ პირველ ფინჯან ქაფქაფა ყავაზე, ჭიქის ფსკერზე ამოკითხულ ქარტეხილიან მომავალზე და ჯადოსნური ენდორფინების ძალამ გადავწყვიტინა ჩემი ბედი – “ყავის მედეა ” გავმხდარიყავი.
უძილო ღამეები... კეთილი ადამიანები და კიდევ ერთი გამართლება...
დანაზოგი ფულით ყავის სივრცე გავხსენი coffee-in 10/21, მოგვიანებით კი მეგობარ გოგოსთან ერთად ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ყავისა და ტკვილულის სივრცე coffee friends since 2019, სადაც საუკეთესო ხარისხის ახალ მოხალული ყავის შეძენა და დაგემოვნება შეგიძლიათ. ქალაქის დიდმა ნაწილმა იცის ჩემი ყავის გემო. ძლიერი ყავა – ძლირი ქალებისათვის!“- გვიყვება მედეა შვილდაძე.
დღეს, მედეას მეგობრები ყავის დედოფალს ეძახიან, „რაც ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენია“- აღნიშნავს მედეა.
თვითგანვითარება და ხელშეწყობა
2020 წელს ერთ-ერთი მეწარმე ქალბატონსიგან შეიტყო „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საგრანტო პროექტის შესახებ.
„გავიარე მათ მიერ დაფინანსებული სწავლება საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. მოვიპოვე გრანტი და რაც ყველაზე მთავარია გავხდი მეწარმე ქალი, კომფორტის ზონიდან გამოსული და თავისი ნებით მეწარმე ქალთა არც თუ ისე მარტივ ფერხულში ჩაბმული...
დღეს, მოცენებადაკარგული მედეა ვარ. ყველაფრის მიუხედავად რომ ვიბრძვი უკეთესი მომავლისათვის.“- აღნიშნავს მედეა.
ფიქრობს, რომ ქალის შესაძლებლობას საზღვარი არ აქვს და ქალები ძლიერი და კაცობრიობის ძლიერი და მოუდრეკელი ნაწილი ვართ.
„თუმცა, აქვე დავძენ: ეს არ არის იოლი… ეს დიდი პასუხისმგებლობაა შენი თავისა და შენი გულშემატკივრების წინაშე... შენ ძალაუნებურად ხდები მაგალითი, მოტივატორი იმ ქალებისათვის ვისაც ძალა სჭირდბათ იმისათვის, რომ საკურთარი ძალისა და შესაძლებლობების ირწმუნონ.“ – ამბობს მედეა შვილდაძე.
„2020 წლის ზაფხულში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ორგანიზებითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გამართულ ვორქშოპში მივიღე მონაწილეობა, წინანდალში სასტუმრო „რედისონში“, სადაც ახალი ცოდნის და უნარების შეძენის გარდა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რაც ძალიან მნიშვნეელოვანია ჩვენს სფეროში.
ტრენინგებმა და მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ ახალი მიზნები დამისახა. გადავწყვიტე, ბიზნესი გავაფართოვო და ქუთაისში, ერთ სივრცეში მოვუყარო თავი ქართველი მეწარმე ქალების მიერ წარმოებულ პროდუქციას.
მაქვს კიდევ ახალი გატაცება: ვაწარმოო პური ბუნბრივ საფუარზე ენდემური ჯუშის პურის ფქვილით.
ბევრი რამის სწავლას ახლა ვიწყებ და არ მეშინია! პირიქით, მიხარია და ზოგჯერ ვბრაზობ, ადრე რატომ არ გამოვედი კომფორტის ზონიდან?! ბრძოლა ადრე რატომ არ დავიწყე, თუმცა გვიანი არადროს არ არის!“- გვეუბნება მედეა.
მადლობა
მედეა შვილდაძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის „ფერმერთა ასოციაციას“, თანადგომისა და გაძლიერებისათვის.
„თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ ქალთა გაძლიერებისათვის. მინდა კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განახორციელოთ, რათა გავიზარდოთ, გავძლირდეთ და მთელი დუნია ჩვენ ვიყოთ...წარმატებული მეწარმე ქალბი!!!
დიდი მადლობა საქართველოს ფინასთა სამინისტროს აკადემიის საოცარ გუნდს, მინდა იცოდეთ, რომ ლომის წილი მიგიძღვით ჩემი, როგორც მეწარმე ქალის ჩამოყალიბებაში. მადლობა ყველა ტრენერს. თითოეული მახსოვხართ და მიყვარხართ.
მადლობა – „ანაგრამას“ საოცარ გოგოებს.
მადლობა – “გაეროს ქალთა ორგანიზაციიას”.
მადლობა – ბიზნეს ლიდერთა ფედერაციას “ქალები მომავლისთვის”
მადლობა – დიანა ლიპატელიანს, თბილ და მოსიყვარე გოგოს რომელიც ასე გულიანად გვეხმარება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გავიცნოს და აგვიბას მხარი.
მადლობა – ჩემს საოცარ მეგობარ მეწრმე გოგოებს… თქვენ ქმნით ქართველი ქალის ახალ ისტორიას!!!
მე თქვენით ვიპოვე პატარა სოხუმი ჩემს ფინჯაში… იმ ფინჯანში, რომელიც ჩემთვის თქვენი დახმარბით შევქმენი! ფსკერი არ აქვს ამ ფინჯანს, სულ ყავაა!!!
მე ვარ მედეა და ყავამ “მანია შემყარა” – სიყვარულის, წარმატების და ბრძოლის მანია და რაც მთავარია თანადგომის მანია!!! მიყვარხართ, ჩემო გაბედულო ლამაზმანებო, ჩვენ ერთმანეთის ხიდი და ფარი ვართ!“ – აღნიშნავს მედეა შვილდაძე.
საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს მედეა შვილდაძეს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.
წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.
ტრენინგები ჩატარდა 2020 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა დანორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.