3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„ნულოვანი ბიუჯეტით, ქორწილიდან მორჩენილი დეკორაციებით და Facebook-რეკლამაში შემთხვევით დახარჯული ფულით წამოწყებული ბიზნესი“ – თამარ გავაშელის ისტორია

ყოველთვის ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ ოდესმე “სადღაც” აუცილებლად მიმიწვევდნენ და ჩემი წარმატების ისტორიაზე ვისაუბრებდი“- თამარ გავაშელი 

ქუთაისში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. ადამიანებზე ზრუნვა ბავშვობიდან ისწავლა.  აქტიური ბავშვი იყო,  კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი. მუდმივად იღებდა მონაწილეობას  პროექტებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. ჰქონდა მიზნები და ოცნებები და იცოდა, რომ მათი განხორციელება, სწორედაც რომ მისი შრომის და აქტიურობის შედეგად უნდა მომხდარიყო. ამიტომ არასდროს ეზარებოდა შრომა, მზად იყო სიახლეებისთვის და გამოწვევებისთვის, რასაც ყოველ ეტაპზე მეტნაკლებად წარმატებით ართმევდა თავს.

ჯერ ჟურნალისტობა მინდოდა,მერე იურისტობა. საბოლოოდ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩავაბარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშითუმცა მოგვიანებით, რადიკალურად შევიცვალე სფერო და ბიზნესში ვცადე ჩემი შესაძლებლობები. ალბათ იმიტომ, რომ თავისუფლება, ადამიანების დახმარება, მხარდაჭერა და თანაგრძნობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ცხოვრების ყველა ეტაპზე. ეს თვისებები მეხმარება ვიყო ეფექტური და შედეგიანი ნებისმიერ საქმეში .– გვიყვება თამარ გავაშელი.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიური და დამოუკიდებელი ბავშვი იყო, მის  ცხოვრებაში გარდამტეხი როლი დედის ემიგრაციაში გამგზავრებამ შეასრულა.

18 წლის ვიყავი, როდესაც დედა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ გავაცნობიერე, რომ ბავშვობა დამთავრდა და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა სრულიად მე უნდა ამეღო. 

მერე იყო აგვისტოს ომი და ომში წასული ოჯახის წევრი. მაშინ ერთბაშად გავიზარდე და უამრავი ღირებულება გადაფასდა ჩემში. მალე გავხდი სტუდენტი, ჩავაბარე საოცნებო უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე. ვესწრებოდი ტრენინგებს, სხვადასხვა ლექციებს, პრაქტიკ გავიარე საგარეო საქმეთა სამინისტროში. თვითგანვითარება და უკეთესი მომავლის შენება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მარტო ცხოვრებამ ბევრი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა მომცა“- აღნიშნავს თამარი.

მისთვის საუკეთესო და დაუვიწყარი გამოცდილება იტალიაში ექვსი თვით ცხოვრება და სწავლა იყო.

პირველი მოგზაურობა, უცხო ქვეყანა, კულტურა, ადამიანები, განსხვავებული გარემო და შესაძლებლობების ზღვა. როცა ხვდები, რომ უზარმაზარ სამყაროში შენ, პატარა ნაწილაკმა, რაღაცით დაიმსახურე მისგან უამრავი სიკეთე და შესაძლებლობა მიგეღო.“- ასე აღწერს აღნიშნულ პერიოდს.

2013წელს ოჯახი შექმნა და მალე დედაც გახდა.

ეს იმხელა პასუხისმგებლობა იყო(და არის), გადავწყვიტე პაუზა გამეკეთებინა და მთელი ჩემი დრო, რესურსი და ენერგია შვილისთვის და ოჯახისთვის დამეთმო. იყო ბევრი სირთულე, პრობლემა, წყენა, წინააღმდეგობა, ბრძოლა და გამოწვევა, თუმცა ამ ყველაფერმა უფრო გაგვაძლიერა. სიყვარულმა, მხარდაჭერამ, თანადგომამ, უკეთესი მომავლის რწმენამ და ერთი მიზნისკენ სწრაფვამ ყველა უარყოფითი უკან მოიტოვა და ხელისშემშლელი ფაქტორები თავისთავად სადღაც გაქრა,“- გვეუბნება თამარი. 

თამარ გავაშელის ცხოვრებაში სირთულეები, წყენა, ბრძოლა და გამოწვევები ამ ეტაპზე არ დასრულებულა.

როცა პატარა ნიტა წამოიზარდა და ბაღის ასაკის გახდა, გადავწყვიტე სამსახურის მოძებნა და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში გავაგზავნე CV. მომწონდა ის, რასაც აკეთებდნენ და მინდოდა მათი გუნდის წევრი ვყოფილიყავი. გასაუბრება წარმატებით გავიარე და მუშაობა გაყიდვების მენეჯერად დავიწყე. რამდენიმე თვეში, კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და დროებით, მომავალი დასაქმების პერსპექტივით წამოვედი. პარალელურად დავიწყე მუშაობა იტალიური კულტურის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში,თან პროფესორის ასისტენტი ვიყავი და იტალიურს ვასწავლიდი სტუდენტებს.

მოგვიანებით, კვლავ გამოცხადდა ვაკანსია ზემოთაღნიშნულ კომპანიაშირა თქმა უნდაგასაუბრებაზე მივედი, წარმატებით გადავლახე ეტაპები და ბოლოს, როცა თანხმობა უნდა მიმეღო არ დავმალე, რომ ორსულად ვიყავი და მეორე შვილს ველოდებოდი. შედეგად, უარი მითხრეს დასაქმებაზე და ძალიან გაბრაზებულმა დავიფიცე, რომ დასაქმებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე აღარასდროს წავიდოდი. აუცილებლად მექნებოდა ჩემი საქმე და საკუთარი თავის უფროსი და დამსაქმებელი თავადვე ვიქნებოდი.“- გიყვება თამარ გავაშელი. 

მალე, მეორედ გახდა დედა. კვლავ აქტიურად ჩაერთო ოჯახურ ფერხულში. ამ დროს დაიწყო მისი კარიერული, მნიშვნელოვანი აღმასვლა.

„ამ პერიოდში, არ მინდოდა მოვდუნებულიყავი და იტალიური კულტურის ინსტიტუტში მუშაობასთან ერთად სტატიებს ვწერდი ელ. ჟურნალ “მოტივაციისთვის”. ამ დროს გავეცანი უამრავ საინტერესო, სამოტივაციო ფილმს, სტატიას, ავტორს, სპიკერს თუ ქოუჩს, გავიცანი საინტერესო ადამიანები დიდი მიზნებით და ფერადი ოცნებებით, რამაც განვითარების ახალ ეტაპზე გადამიყვანა და ახალი ინტერესები გამიჩინა. 

2017 წლის აპრილის ბოლოს მეგობარს დავეხმარე საკუთარი ქორწილის ორგანიზებაში და აქედან დაგვებადა იდეა, რომ შეგვექმნა ჩვენი კომპანია Orionwedding. 

კომპანიის ფეისბუქ-გვერდი შესაძლებელია ნახოთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/28decoration/?ref=content_filter

მართლაც, მალევე მივიღეთ პირველი შეკვეთა. ფაქტიურად ნულოვანი ბიუჯეტით, ქორწილიდან დარჩენილი დეკორაციებით და ფბ რეკლამაში შემთხვევით დახარჯული  ფულით დავიწყეთ ბიზნესი.

ბიზნეს ლედების სტატუსი ძალიან მოგვეწონა, საქმეც აზარტული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ საუკეთესო ხარისხის დასადებად საკუთარი კომპეტენციების გაუმჯობესება.

მე ციფრული მარკეტინგი შევისწავლე, ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა ფლორისტიკის კურსები და მასტერკლასები გაიარა, რომ მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურება შეგვეთავაზებინა.

მართლაც 3 წლის მანძილზე 200-მდე ქორწილს, დაბადების დღეს და სხვადასხვა ტიპის წვეულებას გავუკეთეთ ორგანიზება.– აღნიშნავს თამარი. 

კომპანია Orionwedding ასევე, ორგანიზებას უკეთებს თემატურ ფესტივალებს (ღვინის, ყვავილების) და კორპორატიულ საღამოებს. პერიოდულად ასაქმებს ადამიანებს.

მუდმივად ვვითარდებით. ამ ეტაპზე, ქალაქგარეთ ვგეგმავთ საკუთარი მრავალფუნქციური სივრცის აშენებას წვეულებისთვის და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის – ტრენინგებისთვის,ვორქშოფებისთვის, მასტერკლასებისთვის და ა.შ. გვაქვს სამომავლო გეგმები და მიზნები, რომელთაც ყოველდღიურად ვუახლოვდებით.

აქტიურად ვმონაწილეობ მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროექტებში. ვესწრები ტრენინგებს და მუდმივად ღია ვარ სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ.“- გვეუბნება თამარი. 

თამარ გავაშელი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში.

აღნიშნულ პროექტებში ბევრი საინტერესო და მიზანდასახული ადამიანი გავიცანი, რომელთაც აქვთ უდიდესი პოტენციალი წარმატებულები იყვნენ საკუთარ საქმეში და ამით მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ, როგორც ადამიანებს მათ ირგვლივ, ასევე სახელმწიფოს.

მოივირებული ვარ შევიძინო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ მომავალში თავად შევძლო ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა. ვფიქრობ, უდიდესი შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ და ადამიანმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს უკეთესი რეალობის შესაქმნელად. რატომაც არა, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ!

ჩვენ ხომ საკუთარი ცხოვრების არქიტექტორები თავად ვართ. აბსოლუტურად ჩვენს ხელშია ჩვენი ცხოვრების ინტერიერის, ექსტერიერის და ლანდშაფტის დიზაინიც კი. მთავარია სიყვარული, მადლიერება  და გულწრფელობა თითოეული გადადგმული ნაბიჯისას. თუ ამის გწამს და ასე ცხოვრობ, ხშირად წარმატება და გამარჯვება ისე მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოდის, შეუძლებელია არ დაიჯერო, რომ სწორ გზაზე დგახარ, სწორი გეზი გაქვს აღებული და ერთ დღესაც ტრიუმფით მიხვალ დანიშნულების ადგილამდე.

და ბოლოს,ძალიან ბევრი რამის და ვინმეს მიმართ მაქვს მადლიერების საოცარი გრძნობა.

დარწმუნებული ვარ დადგება მომენტი, როცა თითოეულისთვის შევძლებ პირადად ამის თქმას. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა ჩემს მეუღლეს ვუთხრა მეგობრობის, მხარდაჭერისა და უპირობო სიყვარულისთვის. ჩემი ოჯახი საუკეთესო მოტივატორია იმისთვის, რომ დღეს უკეთესად და უკეთესი ვიყო,ვიდრე გუშინ ვიყავი. – გვეუბნება თამარ გავაშელი. 

საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს თამარ გავაშელს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.

წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები