4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რა ელის „ვაგნერს“ აფრიკაში პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ?

აფრიკაში რუსეთის ფედერაციის გავლენა უმეტესწილად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქმედებებზეა დამოკიდებული. აღნიშნული დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკასტროფაში დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აფრიკაში „ვაგნერის“ მომავალთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელთა პასუხებიც Deutsche Welle-მ მოიძია.

რა ხდება?

რუსეთი აფრიკაში თავის გავლენას ავრცელებს ძირითადად „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების დახმარებით, რომლებიც გარკვეულ ქვეყნებში მოქმედებენ. ეს განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს ეხება. ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ ამ ქვეყნებში ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა.

რა შეიცვლება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ?

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბევრი არაფერი შეიცვლება, თუ პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდება, – ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი კრისტიან ემე ნდოტა. „რუსეთს, „ვაგნერსა“ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ეს დიდად არ იმოქმედებს. „ვაგნერი“ უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში ძალიან კარგად არის ცნობილი”, – განუცხადა რესპონდენტმა DW-ს. ნდოტას თქმით, ივნისის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფიქრობდნენ, რომ „ვაგნერელებს“ ქვეყნის დედაქალაქ ბანგში რუსეთის საელჩო აკონტროლებდა.

DW-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფოსტენ-არკანჯა ტუადერას მრჩეველმა, ფიდელ გუანჯიკამაც განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. „ჩვენ რუსეთთან თავდაცვის შესახებ შეთანხმება გვაქვს დადებული და ქვეყანაში მყოფი სამხედროები მუშაობას ძველებურად გააგრძელებენ. ისინი სხვა ხელმძღვანელს იპოვიან“, – განაცხადა მან. “რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რუსებს (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – რედ.) აქვთ ლიცენზიები მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, ლუდსახარშებსა და სატყეო მეურნეობაზე. ეს არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ევგენი პრიგოჟინი აღარ იქნება”, – დასძინა DW-ს რესპონდენტმა.

რატომ აწყობს რუსეთს აფრიკაში „ვაგნერის“ არსებობა?

პრიგოჟინისეული გადატრიალების მცდელობამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე, კრემლი აფრიკაში „ვაგნერის“ საქმიანობას აქებდა. როგორც მაშინ ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა, აღნიშნული კერძო სამხედრო კომპანია თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებდა მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მათი ოპერაციები გაგრძელდებოდა.

ამ აფრიკულ ქვეყნებში „ვაგნერის“ საქმიანობის უფრო დეტალური შესწავლა ცხადყოფს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კრემლისთვის რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნა აფრიკის კონტინენტზე. აღნიშნული დაჯგუფება თანამშრომლობს იმ ქვეყნების ხელისუფლებასთან, სადაც არის ნედლეულის წყაროები და ბიზნესს აკონტროლებს. პუტინის მთავრობისთვის ცალსახა და უდავოა, რომ ეს ასეც უნდა გაგრძელდეს, – ასკვნის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი დეპუტატი ჟან-პიერ მარა. „ომის დასაფინანსებლად მას სჭირდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის ოქრო. ასე რომ, ცხადია, არაფერი შეიცვლება. იგივე მოთამაშეები დარჩებიან? არ ვიცი“, – ამბობს პოლიტიკოსი.

რუსი ისტორიკოსი ირინა ფილატოვა ამბობს, რომ კრემლის ურთიერთობა „ვაგნერთან“ აფრიკაში ორივე მხარისთვის მომგებიანია, რადგან დაქირავებული მებრძოლები რეგიონში რუსეთის ავტორიტეტითა და რუსული იარაღით სარგებლობენ. ფილატოვას თქმით, ეს სიტუაცია წააგავს იმ მოდელს, რომლითაც ევროპული სავაჭრო კომპანიები მე-19 საუკუნეში კოლონიური ექსპანსიის დროს მოქმედებდნენ: „ისინი თავიანთი სახელმწიფოსგან იღებდნენ მანდატს, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, მაგრამ სახელმწიფომ ისარგებლა მათი ყოფნით აფრიკაში“.

მალი: 100 მილიონი ევრო წელიწადში „ვაგნერელებისთვის“

ისმის კითხვა: რაში გამოიხატება რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნა აფრიკის ქვეყნებში? რამდენიმე წლის განმავლობაში, „ვაგნერმა“, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, მტკიცედ დაიმკვიდრა თავი აფრიკის იმ სახელმწიფოებში, სადაც კონფლიქტია. ერთ-ერთი მათგანია მალი. ბამაკოს აეროპორტის სატელიტური ფოტოების მიხედვით, 2022 წლის დასაწყისში, ქვეყანაში „ვაგნერელები“ უკვე იყვნენ. ანალიტიკურმა ამერიკულმა „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა“ გამოავლინა 2021 წლის ბოლოს აშენებული ახალი სამხედრო ბაზა, რომელიც თვითმხილველთა თქმით, დაჯგუფების დისლოკაციის ადგილი იყო.

ამ დროს უკვე ათი მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა ცირკულირებდა. როგორც ჩანს, ეს ის თანხაა, რომლის ყოველთვიურად გადახდასაც მალის სამხედრო მთავრობა „ვაგნერელებისთვის“ გეგმავდა. შესაბამისად, ამ მიზნებისთვის ყოველწლიურად ეროვნული ბიუჯეტიდან 100 მილიონზე მეტი იხარჯება. ეს  დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე მალის იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი. მთავრობის ანგარიშის საფუძველზე, 2022 წელს ბიუჯეტში გაჩნდა დამატებითი თანხა 71,5 მილიარდი აფრიკული ფრანკის მოცულობით, რაც 100 მილიონ ევროს შეესაბამება. ის განკუთვნილი იყო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთვის, რომელიც, როგორც ჩანს, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობას აფინანსებს.

თუმცა, მალის რეჟიმი ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორის არის დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური ალიანსი ECOWAS-ი. სახელმწიფო ხაზინაში ფული იწურება, „ვაგნერის“ მიმართ მალის ვალი კი იზრდება. ამავდროულად, რამდენიმე წყაროს მიხედვით, „ვაგნერელებმა“ ქვეყანაში არსებულ რამდენიმე ოქროს საბადოზე წვდომა მოიპოვეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: სრული დამოკიდებულება “ვაგნერზე”

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა მხოლოდ 2019 წლის თებერვალში პრეზიდენტ ტუადერას დროს, „ვაგნერის“ გავლენა კიდევ უფრო დიდია. ექსპერტების შეფასებით, აქ რუსი დაქირავებული მებრძოლების გავლენა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ბევრ მომგებიან სფეროზე ვრცელდება. მაგალითად, ეს ეხება ნავთობის სექტორსა და როგორც მალიში, ოქროს მოპოვების ინდუსტრიას. შესაბამისად, კანადურმა და სამხრეთაფრიკულმა კომპანიებმა ლიცენზიები დაკარგეს, რუსეთთან ახლოს მყოფმა მადაგასკარმა კი პირიქით, ეს ნებართვები მიიღო.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „ვაგნერის“ გავლენა უმაღლეს დონეზეა: 2018 წლიდან რუსი დაქირავებული მებრძოლები პრეზიდენტ ტუადერას დაცვას პირადად უზრუნველყოფენ. მის მრჩევლებს შორის კი დიდი ხანია არის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა “ვაგნერის” ხელმძღვანელ პრიგოჟინთან. ცენტრალური აფრიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი პოლ კრესენტ ბენინგა ამ პროცესს შეშფოთებით უყურებს. „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ამ სიტუაციით არ იგებს“, – განუცხადა მან DW-ს. „სამაგიეროდ, სარგებელს იღებენ რუსები“, – ამბობს ის. ბენინგა წუხს, რომ „ვაგნერი“ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა. ”ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, რომელიც ძირს უთხრის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შესაძლებლობას, თავისი პოლიტიკა ზეწოლის გარეშე აწარმოოს”, – ამბობს ის.

მართალია თუ არა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტუადერა „ვაგნერელების“ მძევალია?

ადგილობრივ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არ აქვს საშუალება, „ვაგნერის“ გავლენას თავი დააღწიოს, – ამბობს კომუნიკაციებისა და ეროვნული შერიგების ყოფილი მინისტრი ადრიენ პუსსუ. ის არის ავტორი წიგნისა “აფრიკას არ სჭირდება პუტინი” (“L’Afrique n’a” pas besoin de Poutine”). „პრეზიდენტი ტუადერა „ვაგნერის“ მძევალია და მან ეს იცის“, – ამბობს პუსუ DW-სთან ინტერვიუში. „აქედან გამომდინარე, „ვაგნერის“ წარუმატებელი აჯანყების მიუხედავად, სიტუაცია ჩიხში რჩება, სანამ კიდევ უფრო დიდი ძალა არ ჩაერევა“, – ასკვნის ის.

თავის მხრივ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ “აზრს მოკლებული” უწოდა მტკიცებას, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე კონტროლი ხელისუფლებამ დაკარგა. ისმის კითხვა: რა ელის მომავალში „ვაგნერის“ ბიზნესს აფრიკაში? ეს ბიზნესი ძალიან მოგებიანი და მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა მასზე უარი თქვას – დარწმუნებულნი არიან ექსპერტები. ისტორიკოსი ირინა ფილატოვა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და აფრიკას შორის კავშირებს სწავლობს, აღნიშნავს, რომ „ვაგნერს“ შვილობილი კომპანიები ჰყავს. „მათ შეიძლება სახელი გადაერქვათ, ერთი ბრენდის ქვეშ იმუშაონ ან დამოუკიდებლად იმოქმედონ“, – ამბობს ის. და მაინც, ფილატოვას აზრით, მათი პოზიციონირება ამ დროისთვის “სრულად გაურკვეველია”.

წყარო: “იმედინიუსი”

ავტორი:

ბოლო სიახლეები