„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს. როგორც ირკვევა, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული კომპანიის შემოწმება დაიწყო, რაც გაიგო ყეინიშვილმა და კომპანიის დირექტორს შესთავაზა მისთვის წილი მიეცა, ის კი საკითხს მოაგვარებდა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინაშვილი პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, როგორც თავად ზურაბიშვილმა განმარტა, ყეინიშვილი და ხომერიკი მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის წარადგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.









