ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, შევაფასოთ ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობა და ავღნიშნოთ იმ ადამიანების როლი და დამსახურება, რომელთა ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმზეც დგას ეს მნიშვნელოვანი დარგ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხდება ხილული.
„თქვენი პროფესია არ არის მხოლოდ დარგობრივი საქმე. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური აქტივობის უწყვეტობასა და თითოეული ოჯახის ყოველდღიურობაზე. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკოსის შრომას განსაკუთრებული ფასი აქვს. ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის. ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა.
ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო. ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა. საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს.
„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით, სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და გვაქვს ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ ხედვის პირველი საყრდენი არის გენერაცია. 2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.









