სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ რუსთაველის პროტესტის მონაწილეების „ფსევდორელიგიურ სექტად“ მოხსენიებას.
მისი განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ რუსთაველის პროტესტის მონაწილეები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმართებიან.
„ვხედავთ, როგორ აორგანიზებენ საპროტესტო აქციებს. ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები გიყენებენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ ეს ძალიან მძიმეა. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს ზოგადად მსოფლიოში რა გამოწვევებია.მოქალაქეების უმრავლესობა დგას იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.









