„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, ევროპის ქალაქებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მოდიან ულტრამემარჯვენე ძალები, რაც ძალიან საშიშია. „თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია,“ – აღნიშნა მან.
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში – ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ეს ძალები პოლიტიკაში საშიშია. როდესაც ულტრალიბერალიზმი აღწევს პიკს, მას წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალა და არა მემარჯვენეები. თუ რა შეიძლება დამართონ ულტრამემარჯვენეებმა ევროპას, ეს ისტორიულად უკვე ცნობილია.
ცუდი რყევები იქნება ევროპაში იმიტომ, რომ ულტრამემარჯვენეებისთვის მიუღებელია მიგრანტები. ისინი ღიად აცხადებენ, რომ გავყრით ყველას, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენო. ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებებსა და რევოლუციებს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს სიტუაცია.
ულტრალიბერალიზმი – საერთოდ, ყველაფერი „ულტრა“ – იწვევს უკურეაქციას ქვეყანაში და ნგრევას. სწორედ დღევანდელმა ლიდერებმა მიიყვანეს ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ევროკავშირი, რომელიც ნამდვილად ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი იყო; დღეს კი მან დაკარგა ეს ღირებულებები.
ევროპელი ლიდერებისგან შეიძლება ცოტა ხანს კიდევ ვისმინოთ საქართველოს მისამართით კრიტიკული განცხადებები, მაგრამ მათ ჩვენზე კარგად იციან, თუ რა დონეზე სჭირდებათ საქართველო.
საქართველოს ყველა მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოს ზურგი არ შეუქცევია ევროპისა და დასავლეთისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ცრუ დემოკრატია და უარი თქვა იმ გზაზე, საითკენაც მიათრევდნენ მას დღევანდელი ევროკავშირის ლიდერები – ეს იყო გარდაუვალი ომი და ჩვენი ქვეყნის დაღუპვა,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.








