ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც “ქართული ოცნებას” – 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში – 16% აქვს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში და IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
„ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. რაც ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს.
ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში. შესაძლოა, პიროვნული ღალატი ქართველმა ადამიანმა დაივიწყოს, მაგრამ ქვეყნის ღალატს ვერც დაივიწყებს და არც არავის შეარჩენს.
IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
პარადოქსული კი ის არის, რომ სწორედ ამ ერთპროცენტიან და რამდენიმე პროცენტიან პარტიებს უნდათ ქვეყნის სათავეში მოსვლა და სწორედ ეს პარტიები საუბრობენ ხალხის სახელით.
ხალხის სახელით საუბარი მარტივია, მაგრამ ხალხის ნდობის მოპოვებაა მთავარი. ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა თავისი სათქმელი და პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს!
პ.ს. შეგახენებთ, რომ გავრცელდა IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი:”ქართული ოცნება” – 36%
ყველა სხვა ოპოზიცია ჯამში – 16%“ – წერს ჩიხელიძე.*გიორგი გაბუნია: ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ*
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გაბუნიას თქმით, ლევილის მამულის რეაბილიტაცია იყო არა მხოლოდ ქონების, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც.
მისივე განცხადებით, ლევილის ისტორია დღეს მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, რამდენადაც ის ორ ქვეყანას – საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.
„კოლეგებო, მე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ იმ მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით. საფრანგეთში, ლევილში დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია.
ეს იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც — იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ. ის მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა შექმნეს, შემოინახეს და დაიცვეს.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება. სივრცე, სადაც მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა ერთიან, თანამედროვე კულტურულ და სამეცნიერო გარემოს შექმნის.
ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ამ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირი დაამყარონ.
ლევილის ქართველთა მამული არის არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, საფრანგეთში მას აქვს, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, იქცეს კულტურული დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ევროპაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც კულტურული დიპლომატია სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და მეგობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძვირფას კოლეგას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც იყო სულისჩამდგმელი ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესისა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში, ასევე ოჯახებს, რომელთაც ეკუთვნოდათ ეს მამული და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამხდარიყო საერთო, სახალხო, საზოგადო საკუთრება.
ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ, ვიფიქროთ, რომ ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად როგორ იქცეს ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი და ჩვენ ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ლევილის ქართველთა მამული აი ამ ცენტრად მოაზრებული მომავალში.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო მონაწილე ამ მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესისა. ვუსურვებ ლევილის ქართველთა მამულს მრავალ ახალ თაობას, ახალ აღმოჩენებს, ახალ შემოქმედებით შეხვედრებს და საქართველოს ისტორიის და კულტურის კიდევ უფრო მეტად ფართოდ წარმოჩენას,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.









