საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – ნათქვამია გეკა გელაძის განცხადებაში.
გელაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ქვეყნისთვის მსახურების შესაძლებლობა იყო. მისი თქმით, სამსახურის საქმიანობა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.
გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. მან ასევე მადლობა გამოუცხადა პოლიტიკურ გუნდს, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის.
„დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, – აღნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე.









