50 წელზე მეტია ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხერთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა, – ამის შესახებ ასტროფიზიკოსმა, ვაჟა ყულიჯანიშვილმა, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ცის ჩაკეტვის შესახებ საკითხი, დარგის სპეციალისტებმა, ჯერ კიდევ 2007 წელს, “ილიაუნის” იმდროინდელ რექტორთან, გიგი თევზაძესთან დააყენეს. ასტროფიზიკოსი აცხადებს, რომ იმ პერიოდში ფრენები არ იყო იმდენად ხშირი, როგორც ახლა, შესაბამისად, როგორც დღის, ისე ღამის გახშირებული ფრენები მათ საგანგაშო მდგომარეობას უქმნიდა და დაკვირვებას ართულებდა.
“იყო შემთხვევები, როცა ორი თვითმფრინავი ასე 12 საათის მახლობლობაში გაევლიდა და ტოვებდა თეთრ კვალს. ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, მაშინ ბატონ გიგი თევზაძესთან გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, რომ როგორღაც ეს ფრენები ცოტა გადაწეულიყო იქით. ღამე არ იყო ამდენი ფრენები, მარტო დღე ტოვებდა ასე [კვალს], ორად ორი თვითმფრინავი იყო იმ პერიოდში 2010-მდე ალბათ. დღეის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა, როგორც ღამის ფრენები, ასევე დღის ფრენები, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა და ჩვენი მოთხოვნა იყო პირველ რიგში ის, რომ ეს ფრენები გადაწეულიყო რაც შეიძლება სამხრეთისაკენ. ზუსტად ამ ნაწილში ხდებოდა [ფრენები], ახლა რასაც ვუყურებთ და ეს ნაწილი არის ყველაზე გამოსაყენებელი ასტრონომებისათვის, როგორც ვარსკვლავთსპეციალისტები იყენებენ ამ ნაწილს, ასევე ვიყენებთ დღის დამკვირვებლები, ანუ ჰელიოფიზიკოსებიც ცის ამ ნაწილს. ასე რომ, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო, ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, ახლა უბრალოდ იმატა ასეთი ფრენების რიცხვმა ბოლო პერიოდში, რამაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ძალიან შეგვაწუხა,” – განაცხადა ვაჟა ყულიჯანიშვილმა.
https://www.facebook.com/reel/2194858491451933









