საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მედიას ბრიფინგზე წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია. მისი წინამორბედები იყვნენ:
- ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობდა;
- ეკატერინე ტიკარაძე ამ თანამდებობას იკავებდა 2019 წლის 18 ივნისიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე;
- დავით სერგეენკო კი მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მუშაობდა მინისტრად – “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 2019 წლის 18 ივნისამდე.
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან იყო თავისუფალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა “რესპუბლიკური საავადმყოფო”.









