აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, ნახსენებია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც. მას ევალებოდა პრესრელიზების გავრცელება კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.
დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.









