143 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე ყოფნა, ევროპის წამყვან ქვეყნებს რომ ვუსწრებთ, უდიდესი მიღწევა და მისალოცია ჩვენი ქვეყნისთვის, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კვლევითი ცენტრის განმარტება, რომ კვლევა არ არის დამოკიდებული აღქმებზე, არამედ დაფუძნებულია ფაქტებზე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევითი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ის ჩანაწერი, რომლითაც მთელ მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ხაზს უსვამდა, რომ კვლევა არ არის დაფუძნებული აღქმებზე, არამედ კვლევა დაფუძნებულია ფაქტებზე. თანამედროვე ტრენდის მიხედვით, ძალიან ხშირად ბევრი კვლევა ეფუძნება ხოლმე აღქმებს და აღქმებიდან გამომდინარე რეალისტური მონაცემები ერთი მხრივ შეიძლება იგნორირებული იყოს, ან მეორე პლანზე იყოს გადატანილი, ხარისხის არგუმენტებად იყოს წარმოდგენილი კვლევის ინიციატორის მიხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში კვლევითი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს არის ფაქტებზე და არა აღქმებზე დაფუძნებული კვლევა.
გასახარია, ის ფაქტი, რომ საქართველომ ამხელა ნახტომი გააკეთა. 143 ქვეყანას შორის 17-ე ადგილზე ყოფნა და ევროპის წამყვან ქვეყნებს რომ ვუსწრებთ, ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მისალოცი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში – „გამჭვირვალობა ომის დროს“ – გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა.









