დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი – ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოსვლის დროს რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის როლზე საუბრობს.

ქართველიშვილის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებებს, რომლებზეც 2000-იანი წლების საქართველოში ფართოდ საუბრობდნენ. მისი თქმით, რუსეთისა და იგორ ივანოვის მონაწილეობა როგორც „ვარდების რევოლუციის“, ისე აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე საკუთარ პოლიტიკურ მიღწევებად წარმოაჩენენ.

ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა და შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებები რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, მათ შორის 2008 წლის ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში.

„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი ახალ თაობას დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში, არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთის და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა.

რამდენიმე დღის წინ ეს ამბავი ფეისბუქ პოსტით (რომელიც მალევე წაშალა) თავად სააკაშვილმაც შეგვახსენა, როცა დეტალურად გაიხსენა, რომ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის მიუღებელი ფიგურა იყო (რატომღაც, რუსეთის კაცი ამერიკელებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო!) და ისიც გულწრფელად აღიარა, რომ ხელისუფლებაში მოსვლაში არათუ რუსეთი დაეხმარა, არამედ საქართველოს პრეზიდენტად უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – იგორ ივანოვმა აკურთხა.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ იმასაც, რომ პირადად სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთმა და იმავე იგორ ივანოვმა გაუსუფთავა პოლიტიკური ველი აჭარაში, როდესაც მაშინ უკვე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ბათუმში ჩამოსულმა ივანოვმა ასლან აბაშიძე გადადგომაზე დაითანხმა და ოჯახის წევრებთან და თანმხლებ პირებთან ერთად, საკუთარი თვითმფრინავით მოსკოვში წაიყვანა.
დღემდე, პირადად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინაშე მათ მთავარ დამსახურებად ამ ორ „გამარჯვებას“, ანუ „ვარდების რევოლუციას“ და „აჭარის გათავისუფლებას“ ასახელებენ. არადა, თავად განსაჯეთ, 2003 წლის ნოემბერში ივანოვი საქართველოში შევარდნაძის კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოვიდა, 2004 წლის მაისში კი მისი მონაწილეობით დასრულდა ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარაში.
ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ და პირდაპირ, თუ ირიბად ამას თავად სააკაშვილიც აღიარებს, ხელისუფლებაში ის სწორედ რუსებმა მოიყვანეს და თუკი მის მომავალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და არსს დავუკვირდებით, ცხადი გახდება რისთვისაც:
რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრის და დამატებით ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმური მიზეზი მიეცა;იმისთვის, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებაში დახმარებოდა; იმისთვის, რომ 2008 წლის ომის დაწყება ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინა;იმისთვის, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების უმრავლესობა რუსული კომპანიებისთვის მიეყიდა.
ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მთავარი ისაა, რომ რთული წარმოსადგენია ერთი მხრივ, ამაზე დიდი ღალატი ჩაედინა პრეზიდენტის პოსტზე, თუნდაც რუსების მიერ დანიშნულ კადრს, მეორე მხრივ კი რომელიმე აგენტს სააკაშვილზე უკეთ შეესრულებინა რუსი პატრონების დავალება.

„დავიწყებულ ძველს“ თუ დავუბრუნდებით, იმასაც შეგახსენებთ, რომ იყო დრო, როცა იგორ ივანოვს ხელზე მის მიერვე პრეზიდენტად კურთხეული სააკაშვილის ნაჩუქარი საათი ეკეთა და 2004 წელს მის ინაუგურაციასაც ესწრებოდა, ისე, როგორც 2008 წლის იანვარში, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე – სერგეი ლავროვი.
დასასრულ, ის, რომ ზოგიერთისთვის, სააკაშვილის ზემოხსენებული აღიარებითი ფეისბუქ პოსტი სკანდალური სიახლე აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარსულში უკვე არ იყო ცნობილი. ცნობილი კი არა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა „ვარდების რევოლუციამდეც“ კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილი სწორედ კრემლიდან იმართებოდა, რის მორიგ მტკიცებულებადაც გთავაზობთ ვიდეოს არქივიდან, რომელიც შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს ნანახი.

პ.ს. ამ ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი – ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს. ამავდროულად, მიხვდებით იმასაც თუ რა დონეზე და რამდენი წლით ადრე იწერებოდა სცენარი, რამაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს მორიგი დიდი ტკივილი და უბედურება დაატეხა თავს.“ – წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/share/v/1A9nCuJv7d/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე...

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდებს და მიიჩნევს,...