საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“.
მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ არ სცადონ ექსტრემისტული ქმედებები და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას.
„სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან პოზიცია ასეთია, რომ რაც ჩვენ სარჩელში გვაქვს მითითებული, ის ფაქტები დადასტურდება, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან ელემენტარულად თავი შეიკავონ და კონსტიტუციის დარღვევის გზას კი არ დაადგნენ, არამედ, პირიქით, საუკეთესო რაც არის მათი გადმოსახედიდან, მათი პარტიული პლატფორმებიდან გამომდინარე, წარმოადგინონ საქართველოს საზოგადოების და ქართველი ხალხის წინაშე. შესაბამისად, ამ პროცესსაც კი თავის მხრივ პრევენციული მიზანი აქვს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ასეთი შედეგიც დადგება, რომ სასამართლოს მიერ დადასტურების შემთხვევაში, რომ ესენი ნამდვილად არის კონსტიტუციის დარღვევები, სხვა პარტიებმა იგივე არ უნდა ჩაიდინონ და პირიქით, არ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთონ. ამავდროულად, არ უნდა შეეცადონ ექსტრემიზმს და პატივი უნდა სცენ პირველ რიგში უმთავრეს დოკუმენტს – საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციიდან და გადაწყვეტილებების მიმღები ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი პოლიტიკა- ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკური ველისთვის და ხალხისთვის იქნება ხელშესახები, თუ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









