„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია – ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი მცდელობებია“ – ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივამა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ და უცხო ძალების მითითებებს ემორჩილებიან.
„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია – ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი მცდელობებია. ევროპელი ლიდერები უხეშად ერევიან მოსამართლეების საქმიანობაში და პირდაპირ თითს უქნევენ ქართულ საზოგადოებასა და მმართველ ძალას. ეს ჩვენც გვეხება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ხელი ჩვენც მოვაწერეთ. ევრობიუროკრატებმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დაასანქცირეს კიდეც, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო – პირიქით, მათ უკუშედეგი მიიღეს, თუმცა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს.
ახლა მიმდინარეობს პროცესები პოლიტიკურ პარტიებად წოდებული გარკვეული დაჯგუფებების აკრძალვის შესახებ, რათა მათ პოლიტიკაში დაბრუნება ვეღარ შეძლონ.
სასამართლოს ერთ-ერთი პრეტენზია ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ის არის, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ და უცხოური მტრული ძალების ინტერესებით მოქმედებენ – ისინი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან. არსებობს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მცდელობები, საზოგადოებაში შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მცდელობები და, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში დასავლეთი ყოველთვის აქტიურად ერეოდა.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მუდამ ამტკიცებენ, რომ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ, თუმცა გუშინდელი მათი გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი სხვისი დაკვეთით მოქმედებენ. მათ ჭკუის საკითხავად ხან ვენეციის კომისიისთვის მიმართვა მოითხოვეს, ხან კი – სტრასბურგთან საკითხის დაზუსტება.
კიდევ ერთი საშინელება ისაა, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან.
ერთი რამ ფაქტია: ისინი არ ელოდნენ ქართველი მოსამართლეების ასეთ პროფესიონალიზმს. მოსამართლეები სასამართლო პროცესს ძალიან კარგად და ობიექტურად წარმართავენ – მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, მათ ყველა ეს შემოტევა მშვიდად და არგუმენტირებულად გადალახეს. მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება დასაბუთებული და იურიდიულად გამართულია.
რაც შეეხება, მოპასუხე მხარის მიერ შუამდგომლობების გაუთავებლად დაყენებას, ესეც, როგორც ჩანს, პროცესის გაჭიანურებისკენ მიმართული დავალების ნაწილია.
2024 წლის არჩევნების დროსაც დაახლოებით იგივე სცენარი ვიხილეთ: ცესკოში შეჰქონდათ საჩივრები უმნიშვნელო ან სულაც მოგონილ ამბებზე, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს 1000 საჩივარი შევიდა. ეს ერთი სცენარის ნაწილია და პარალელებიც აშკარაა.
ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები უაღრესად აღმაშფოთებელია. საინტერესოა, საფრანგეთის სასამართლო სისტემას თუ გაუბედავდნენ ასეთი ტიპის მითითებების მიცემასა და მსგავსი განცხადებების გაკეთებას?“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.









