რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“ ლიდერის ნიკა გვარამიას პოზიციონირებაზე. ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ გვარამიას პრეტენზია, რომ საქართველოში თითქოს დევნა მიდის პროდასავლური ძალების, საფუძველსაა მოკლებული.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროდასავლურობა არ ნიშნავს ევროპაში სიარულს. მისი თქმით, ევროპა, რომელიც, პირველ რიგში, ღირებულებითი ერთობაა, ბრიუსელის ბიუროკრატიის დამსახურებით, შორსაა ამ ღირებულებებისგან.
„საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებისას თვალში საცემი იყო, რომ გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ, თავი დაებრენდათ „პროდასავლურ პარტიებად“. მათ უნდათ, ეს პროცესი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ის პროდასავლური პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. ჯერ ერთი, საიდან მოიტანა, რომ პროდასავლური პარტიები არიან?! პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს? პროდასავლური კურსი „ქართულ ოცნებასაც“ აქვს და „ხალხის ძალასაც“. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ დასავლეთი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა გვინდა და არა ის მარაზმი, რაშიც ახლა ევროპაა.
ევროპა ღრმა ღირებულებით კრიზისშია და კარგი იქნება, თუ იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა იქ ხდება, დაუფიქრდებიან, გააანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. რადგან ეს პროცესები გლობალური ძალების მიერ მართულმა ბრიუსელმა მოახვია თავს ევროპის ქვეყნებს. პოლიტიკა, რომელსაც ევრობიუროკრატია აწარმოებს, ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. სწორედ ბრიუსელმა მოახვია ევროპის ქვეყნებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მათი განვითარების პროცესი უკან დახია და შედეგად მიიღეს რეცესია. დღეს ევროპაში მშვიდობიანი მომიტინგეები ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა, სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევათ და ა.შ. – საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე. ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო მეტად გართულდება და ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









