თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მნიშვნელობა ბევრი მიმართულებით, ბევრ კონტექსტში განისაზღვრება.
„პირველი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პრაქტიკულ კავშირებზე, როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზრებთან წვდომაზე და დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა, რომ ცენტრალური აზიისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც გვაქვს რეგიონში, იმ კონფლიქტებს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, რათა პრაქტიკული თანამშრომლობა გავაძლიეროთ. ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ის მიმართულება, რაც ყველას საერთო ინტერესშია. კავშირების გაღრმავება მოითხოვს ინსტიტუტებს შორის რეგულარულ თანამშრომლობას, ამიტომ პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.









