ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონერ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს “სიკვდილის ბუზი” უწოდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მინიმალურ ცოდნას საჭიროებს მისი განცხადების გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დავით ოქიტაშვილის არგუმენტები პროკურატურისთვის წონადი იქნება, საგამოძიებო უწყება ნებისმიერ პირს გამოჰკითხავს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის, თინათინ რუხაძესაც და მამუკა მდინარაძესაც.
“თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულად არ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა.
ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს,” – წერს შარმანაშვილი.









