„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- თბილისი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. სიმპოზიუმის მეორე დღეს სამეცნიერო სხდომები ჩატარდება. სხვადასხვა ქვეყნის აკადემიკოსები, ფილოსოფოსები და თეოლოგები დღეს სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ.
სიმპოზიუმი გუშინ გაიხსნა და დამსწრე საზოგადოებას პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
სამდღიანი საერთაშორისო სიმპოზიუმი მიზნად ისახავს ისტორიულ, თეოლოგიური, ფილოსოფიურ, კულტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში იმ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირის მრავალმხრივ გააზრებას, როგორიცაა: საქართველოს ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ქვეყნის სულიერი და ისტორიული გზა და მისი კულტურული მემკვიდრეობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო გავიხსენოთ წარსული, არამარტო ვიცოდეთ ჩვენი მემკვიდრეობა, არამედ ვიყოთ ჩვენი წარსულის, ეროვნული თვითმყოფადობის ღირსეული გამგრძელებელი და ამ წელს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ უფრო განვმტკიცდეთ ჩვენ ეროვნულ ღირებულებებში“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.
„ასეთი დამოკიდებულება საეკლესიო სწავლებისადმი, იმ სულიერი ფასეულობისადმი რაზედაც დგას ჩვენი სამშობლო და რაც ყველაზე მეტად საამაყოა მთელი ერისთვის, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალშიც, ქართველი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულიერი ფასეულობებისადმი ერთგულება და სამშობლოს ინტერესების დაცვა“, – განაცხადა სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ.









