29 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
29 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ – ჯერ ამბობდნენ, აფხაზეთში გაისეირნეთო, ახლა კი გვეუბნებიან – საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებენ, მათი რიტორიკის მიზანი კი ქვეყანაში დისონანსის შემოტანაა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს სუვერენიტეტის საკითხებზე და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის წარსულისა და ეროვნული ინტერესების დავიწყების მცდელობა მიზანმიმართული პროცესის ნაწილია.

„გვარამია და სააკაშვილი წარმოადგენენ იმ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, რასაც „ნაცმოძრაობა“, იგივე „ნაცაგენტურა“ ჰქვია და მათი პირდაპირი მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ევრობიუროკრატიის მიმართ მორჩილება.

ნანუკა ჟორჟოლიანი რეგიონებში სტუმრობისას გაკვირვებული იყო მოსმენილი სადღეგრძელოებით. უკვირდა საქართველოს სადღეგრძელოს პათოსი, რომ ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი.

ჟორჟოლიანისთვის ეს გასაკვირი იყო იმიტომ, რომ მას და მის თანამოაზრეებს პატრონები ეუბნებიან – თქვენ ვინ გეკითხებათ რამეს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო. ნინო ლომჯარიას მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, თქვა, თუ ევროპელი ლიდერები გვეტყვიან, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო, ასეც უნდა მოვიქცეთო. ასეთი მენტალობა აქვს ამ ხალხს, ამიტომაც არავის გაუკვირდებოდა გვარამიას განცხადებები.

მათი გეგმაა, ნელ-ნელა შეაგუონ საზოგადოება აზრს, რომ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, განვვითარდეთ და დავანებოთ თავი რეგიონებს და იმ პრობლემებს, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით გვაქვს. როგორც გვარამიამ თქვა, უნდა გავთავისუფლდეთ „მძიმე მენტალობისგან“ და წინ წავიდეთ. ახსნას გვარამიამ, რა იგულისხმა „მძიმე მენტალობაში“ და რისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

ვურჩევ ნიკა გვარამიას, წაიკითხოს საქართველოს ისტორია და ნახავს, რა მენტალობაც გვაქვს. მას თუ დავუჯერებთ, ამ მენტალობისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.

ევრობიუროკრატებს და მათ აქაურ აგენტურას სურთ, საზოგადოებას წარსული დაავიწყონ – რა დროს ტრადიციებია, აგერ მიბაძეთ ევროპარლამენტს, ჩამოიყვანეს მიხაილ როთი, კაცები გაათხოვეთ, თანამედროვეები გახდით და სუვერენიტეტი ბრიუსელს ჩააბარეთო.

სააკაშვილს და გვარამიას არაერთხელ უთქვამთ – აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველებაო. საკვირველია, როგორ წარმოედგინა სააკაშვილს, მაგალითად, აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა? თუ ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვერ ვიცხოვრებდით, როგორ უნდა აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი, უნდა დაეხოცა აფხაზები?

საერთოდ, გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაერთიანება, რომელიც გვეუბნება, რომ ამის შემდეგ ვინც ევროკავშირში გაწევრიანდება, სუვერენიტეტს დათმობს?

ევრობიუროკრატებმა ნახეს, რომ საქართველოში საზოგადოება სწორად აზროვნებს. მათ დეზინფორმაციულ ტალღებს საზოგადოება არ იჯერებს. ჩვენ, „ხალხის ძალას“, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ეს გამოგვივიდა კიდეც. ახლა ევრობიუროკრატიას და მის აგენტურას გაუჭირდა დეზინფორმაციის გავრცელება და საჭირო გახდა დისონანსის შემოტანა. ამიტომაც დაიწყო აგენტურამ აფხაზეთის ირგვლივ განცხადებების გაკეთება. ჯერ თქვეს, რომ აფხაზეთში გაისეირნეთო, ანუ ომი დაიწყეთო. ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა თქვეს, საერთოდ დაივიწყეთ აფხაზეთიო. რეალურად, აგენტურა პირდაპირ ასრულებს დავალებას, რომ როგორმე საქართველოში ადგილი ჰქონდეს რადიკალურ პროცესებს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები