„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე მსოფლიო თანამეგობრობისთვის ბევრად უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე თუნდაც რუსეთ-უკრაინის ან ირანის ომის თემა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გაეროს სხდომაზე წარდგა არა როგორც დასავლეთზე ან რომელიმე სხვა გეოპოლიტიკურ ვექტორზე დამოკიდებული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაური.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე მსოფლიო თანამეგობრობისთვის ბევრად უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე თუნდაც რუსეთ-უკრაინის ან ირანის ომის თემა.
გაეროს სხდომა სწორედ იმ საკითხებს მიეძღვნა, რომლებშიც საქართველო ლიდერობს და ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც.
რაც შეეხება ნდობის აღდგენას, უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საქართველოს ევროპა-აზიასა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ვექტორებს შორის.
პრემიერმა მსოფლიოს საქართველოს სახით ახალი კარიბჭე შესთავაზა, რომელიც უკვე იქცა მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და სახელმწიფოთა შორის ნდობის აღდგენის ახალ გლობალურ ეპიცენტრად.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იდენტობისა და რეალური სუვერენიტეტის დასაცავად გაწეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს სხდომაზე წარდგა არა როგორც დასავლეთზე ან რომელიმე სხვა გეოპოლიტიკურ ვექტორზე დამოკიდებული სახელმწიფოს ლიდერი, არამედ როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაური.
დაბალანსებული, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის უალტერნატივოა. ამაზე კამათიც კი სულ უფრო რთული გახდება – იმდენად მტკიცე და დასაბუთებული იყო პრემიერ-მინისტრის პოზიცია მსოფლიოს წინაშე.
აქამდე მოსასვლელი გზა ნამდვილად რთული იყო და მომავალშიც არაერთი დაბრკოლება იქნება, თუმცა საბოლოოდ გლობალური პოლიტიკის ყველა მსხვილ მოთამაშეს მოუწევს ამის აღიარება.
ახალ პოლიტიკურ არქიტექტურაში საქართველომ უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და ამ პროცესებს ვეღარაფერი შეაჩერებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.









