ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად არის საქართველოსა და სემეკის აღიარება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
მან ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ვერანაირი სათანადო ეკონომიკური უზრუნველყოფა ქვეყანას ვერ ექნება, თუ არ ექნება შესაბამისი ენერგეტიკული პოლიტიკა. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ენერგეტიკოსის დღეზე საქართველოს პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა და მათ ძალიან ნათელი მიზანი ჩამოაყალიბეს – ხედვა, რომ 2036 წლისთვის საქართველო თვითკმარი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ ამისთვის ყველა ნაბიჯია გადადგმული. მსგავსი რეფორმები, რომლებიც დღეს ენერგეტიკის სექტორში ტარდება, არასდროს განხორციელებულა. განსაკუთრებით, ეს არის ინვესტორებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, დასაქმების ზრდას, მოქალაქეების კეთილდღეობასა და ენერგოუსაფრთხოებას.
ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? – პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში. ჩვენ ევროკავშირთან მიმართებით შავი ზღვის კაბელი გაგვყავს, ანუ ევროპასთან ერთად ვქმნით დამატებით ენერგოუსაფრთხოების სისტემას. ამ გზას მივყვებით, ეს არის ჩვენი გზა და თუ ვინმე დღეს ენერგოობიექტებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?! ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ და არა შაბლონური ფრაზებით. ნამახვანის პროექტის შემთხვევაში ეს იყო კარგად დაფინანსებული კამპანია, რელიგიიდან დაწყებული, ლგბტ თემის ჩათვლით ყველაფერი გამოიყენეს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.









