„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან.
თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მთლიანად შუა დერეფნის კონტექსტში.
„საუბარია არამხოლოდ პორტზე, არამედ მის სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირებადობაზე და ზოგადად, მთლიანად შუა დერეფანში აღნიშნული ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში სრულმასშტაბიან ოპერირებაში შევიდა, ეს არის სამი ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობის წარმატებული შედეგი და დღეს არის სწორედ შუა დერეფნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ისაუბრა ანაკლიას პორტის ეკონომიკური ეფექტზე, რაც, მისი შეფასებით, არ შემოიფარგლება მხოლოდ საპორტო შემოსავლებით, და მას შეეძლება მოიზიდოს ახალი ინვესტიციები, წარმოება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა პორტის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
„მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ადგილზე ანაკლიაში გაეცნენ, როგორც არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს, ასევე უშუალოდ ანაკლიის პროექტს და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორივე ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.









