„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლეთში, კერძოდ, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება. მისი შეფასებით, არსებული პროცესები უკვე სცდება მოკავშირეებს შორის უთანხმოების ფარგლებს და დასავლეთის შიგნით პოლიტიკური გამიჯვნის სახეს იღებს. ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს ევროპაში MAGA-ს გაძლიერებაზე, ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობების დაძაბვაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესები კრემლის ინტერესებს ემსახურება.
ანალიტიკოსი ასევე საუბრობს ევროპული პოლიტიკის კონტექსტში მარტა კოსის როლზე და მის წინააღმდეგ წარსულში გამოთქმულ ბრალდებებსა და მის დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციებს ერთმანეთთან აკავშირებს.
„კვლავ ჩვენთვის ნაცნობი დილემაა: რასთან გვაქვს საქმე – აგენტურასთან თუ სასარგებლო იდიოტთან? თუ ამ ორივე ვერსიას ბოლომდე მივიყვანთ, საქმე უკვე არა დიპლომატიურ კონფლიქტთან, არამედ თავად დასავლეთის შიგნით მიმდინარე ომთან გვაქვს: ბრიუსელი ფაქტობრივად სთავაზობს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერებს, გადაწყვიტონ – ევროკავშირის მხარეს არიან თუ ტრამპისა და MAGA-ს მხარეს.
ეს უკვე აღარ არის „მოკავშირეებს შორის უთანხმოება“ – ეს არის პოლიტიკური გამიჯვნა, რომელიც კრემლისთვის იდეალური საჩუქარია: ამერიკა და ევროპა ერთმანეთში მოკავშირეს კი არა, კონკურენტს ხედავენ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს ბანაკის არჩევას აიძულებენ. ვაშინგტონი, თავის მხრივ, თავად უწყობს ხელს ევროპაში MAGA-ს გაძლიერებას – და დასავლური სისტემა შიგნიდან იწყებს საკუთარი თავის ჭამას.
მოსკოვისთვის ეს მართლაც რომ სტრატეგიული მასშტაბის საჩუქარია. რუსეთს უკვე აღარ სჭირდება NATO-ს, ევროკავშირისა და ამერიკული საზოგადოების დაყოფა – საკმარისია, შეშა დაუმატოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უკვე გაჩაღებულ კონფლიქტს. რაც უფრო ხმამაღლა აცხადებენ ევროპელი ჩინოვნიკები MAGA-ს საფრთხედ და რაც უფრო აქტიურად უჭერს მხარს ამერიკული ადმინისტრაცია ბრიუსელის ისტებლიშმენტის ევროპელ მოწინააღმდეგეებს, მით უფრო ღრმავდება ბზარი.
ეს უკვე აღარ არის „დასავლეთის ერთიანობა გარკვეული ნიუანსებით“ – ეს არის დასავლური კოალიციის თვითგანადგურება ურთიერთპოლიტიკური დელეგიტიმაციის გზით. ამ კონსტრუქციაში მარტა კოსი განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება. მისი კავშირების შესახებ იუგოსლავიის სპეცსამსახურთან (UDBA) ბრალდებები – 2024 წლიდან არსებობს და 2026 წელს კვლავ იქნა გატანილი მაღალ ევროპულ პოლიტიკურ დონეზე. თუ ამას დავუმატებთ მის დღევანდელ როლს ევროკავშირის მომავლის განსაზღვრაში და MAGA-ს მიმართ მის მკაცრ პოზიციას, ჩნდება კონსპიროლოგიური კითხვა: ზედმეტად იდეალურად ხომ არ ემთხვევა მისი საქმიანობის შედეგი იმას, რაც მოსკოვს სჭირდება?
„კონსერვაციიდან მოხსნილი КГБ-ს აგენტის“ ვერსია ამ შემთხვევაში უკვე გადაიქცევა ჰიპოთეზად ძველი სპეცსამსახურებრივი ქსელის შესახებ, რომელმაც საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლას გაუძლო.
ყველაზე მკაცრი ვერსია კიდევ უფრო საშიშია: კოსი შეიძლება საერთოდ არ იყოს რუსეთის აგენტი – საკმარისია, რომ სისტემა, რომელშიც ის მოქმედებს, ობიექტურად კრემლისთვის სასურველ შედეგს აწარმოებდეს „სასარგებლო იდიოტის“ სტატუსში.
ამერიკისა და ევროპის გაყოფა, ევროპელების იძულება აირჩიონ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის, MAGA-ს დაპირისპირება ევროპულ ისტებლიშმენტთან და შემდეგ იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებენ მოკავშირეები ერთმანეთისადმი ნდობას საკუთარი ხელით – ეს კრემლისთვის პრაქტიკულად იდეალური სტრატეგიაა. ამიტომ მთავარი კითხვა დღეს უკვე აღარ არის – „არის თუ არა მარტა კოსი აგენტი თუ სასარგებლო იდიოტი?“ მთავარი კითხვა გაცილებით მძიმეა: ხომ არ გადაიქცა თავად ევროპული ისტებლიშმენტი სხვისი სტრატეგიის დასავლეთის დასაშლელ უფასო ინსტრუმენტად?“ – წერს დავით ქართველიშვილი.









