7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

მედია: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომისშემდგომი ახლო აღმოსავლეთის გეგმას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომისშემდგომ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ირანის შეკავებასა და ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რეგიონულ ძალისხმევაზე იქნება ორიენტირებული. ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა ჯერ შემუშავების საწყის ეტაპზეა. მისი მიზანია, ირანთან ომის დასრულებისა და პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიდგომები განსაზღვროს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე სხვადასხვა უწყების სამუშაო ჯგუფებში.

წყაროების ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპმა უფროს მრჩევლებთან ორი შეხვედრა გამართა, რომლებზეც გეგმა და შესაძლო ინიციატივები განიხილეს. პირად საუბრებში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში „გაცილებით უფრო დიდ რამეზე“ მუშაობს.

სტრატეგიის შესაძლო მიმართულებებად სამი ძირითადი ელემენტი განიხილება:

  • ირანის შესაკავებლად აშშ-ის მოკავშირეებს შორის რეგიონული გაერთიანების შექმნა, რომლის გარანტორიც შეერთებული შტატები იქნება;
  • 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების რეგიონული შედეგების დასრულებისკენ მიმართული კოორდინირებული ძალისხმევა — ტრამპის ღაზის გეგმის მომდევნო ფაზის უზრუნველყოფა, ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევა და ისრაელ-ლიბანის შეთანხმების განხორციელება;
  • აბრაამის შეთანხმებების გაფართოება და საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმების მიღწევა.

ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, სტრატეგიის მომზადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. მისი თქმით, მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება და ომის შემდეგ ახალი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა გეგმას მხარს რეგიონში აშშ-ის ყველა მოკავშირე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები