7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არსებულ ვითარებაზე: „აბი გლუკოზები“, მგონი, ვეღარავის შველის

„ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.

სააკაშვილი ციხეში არსებულ ვითარებას აღწერს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელია, რომელიც ერთ დროს მის მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ყოველი ჩავლებისას საკნიდან მისი მისამართით იგინება.

„მინდა ვაღიარო, რომ, როგორც ამ ციხის მაყურებელი, უკვე 5 წელია – დიახ, ქართველებო, უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას – ისე აირია ყველაფერი, ვეღარ ვიცნობ აქაურობას.

„პრემიერ-მინისტრი“, იგივე „საფრანგეთის აგენტი“, „ტრი-ტრი ანტუან“ ღარიბაშვილი ივანიშვილს ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს, რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემ გამო) და ოცნებობს, სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.

ლილუაშვილი ასევე შეშინებულია, ვინაიდან ზუსტად იცის, როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა. ყოფილი მინისტრი, „მაფიის მამხილებელ-ჩამშვები“ ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის, რომ მე ვარ „გენიოსი“ და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია; ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს, რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.

და ბოლოს, ნიკანორ მელია – დიახ, ის მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა – ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე, გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ). ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად, რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინით მოიხსენიებენ.

მე საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებსა და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან, სკამზე ამძვრალი, ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.

დაამატეთ ამას ყოველ საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ჰოდა, ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (Flying Over the Cuckoo’s Nest) სიტუაციაა.

რა გასაკვირია, რომ, თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე, ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში, მაგრამ გამოწერილი „აბი გლუკოზები“, მე მგონი, ვეღარავის შველის. ამასობაში, მგონი, წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მესამე დღეა წყალი არ მოდის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები